მაკა გაბუნია ზურაბ გურჩიანის სახელობის მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეცერის საჯარო სკოლის პედაგოგია, საქმეზე უსაზღვროდ შეყვარებული მოსწავლეებს ღირსეულ და პასუხისმგებლიან მოქალაქეებად ზრდის და ახარებს, რომ მისი შრომა უკვალოდ არ ქრება. მისთვის უმთავრესია შექმნას გარემო, სადაც ბავშვები საკუთარი აზრის დაფიქსირებას არ შეუშინდებიან - სწორედ ამ შემართებით დგას განათლების სადარაჯოზე და ქვეყნის მომავალზე, განათლებული თაობების აღზრდით ზრუნავს.
იხილეთ ბლიც-ინტერვიუ პედაგოგ მაკა გაბუნიასთან:
- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...
- თანამშრომლობას, ურთიერთპატივისცემასა და პოზიტიურ დამოკიდებულებას სასკოლო საზოგადოებაში. მასწავლებელმა უნდა შექმნას ისეთი გარემო, რომელშიც მოსწავლეს თავისუფლად შეეძლება აზრის გამოთქმა და მის აზრს, შეხედულებას თუ პოზიციას პატივისცემით მოეპყრობიან. მცდარმა პასუხებმა არ უნდა გამოიწვიოს მასწავლებლის უარყოფითი რეაქციები.
- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის დამოკიდებულება საკლასო ატმოსფეროს ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია. ერთმანეთის პატივისცემა და მიმღებლობა წინაპირობაა მეგობრული ურთიერთობისა.
- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...
- ისინი ღირსეული ადამიანები არიან. გააზრებული აქვთ თავიანთი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობები.
- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...
- პოზიტიურ და ჯანსაღ ურთიერთობებს სასკოლო საზოგადოების წევრებს შორის.
- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...
- ჩემი მოსწავლეები, რომლებიც სიყვარულს და პატივისცემას გამოხატავენ ჩემს მიმართ.
- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ...
- „ანა ფრანკის დღიური“.
- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...
- ინტელექტუალური თამაში - „რა? სად? როდის?“