ქალაქ ბოლნისის N1 საჯარო სკოლის თეატრალურმა დასმა სპექტაკლი „ხაზარულა“ დადგა
13-06-2018
ბოლნისის პიველი საჯარო სკოლის თეატრალურმა დასმა (ხელმძღვანელი ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მაგული გაბრიჭიძე) ნოდარ დუმბაძის 90-ე საიუბილეო წელთან დაკავშირებით მისივე ულამაზესი ნაწარმოები გააცოცხლა. კერძოდ, პატარა მსახიობებმა მაყურებელს „ხაზარულა“ უჩვენეს.
სპექტაკლი პირველად სკოლის სცენზე დაიდგა, შემდგომ თბილისში, ბავშვთა და მოზარდთა თეატრალურ ფესტივალზე მეოთხე ადგილი მოიპოვა, ბოლოს კი ბოლნისის კულტურის სახლის სცენაზე ფართო მაყურებლის წინაშე წარსდგა.
სავსე დარბაზი, დაუცხრომელი ოვაციები და თვალზე მომდგარი ცრემლი,- ასე დაამახსოვრა თავი „ხაზარულამ“ მაყურებელს. სპექტაკლზე მოწვეული იყო ნოდარ დუმბაძის ქალიშვილი ქეთევან დუმბაძე:
„გულაჩუყებული და ბედნიერი ვარ, რადგან ჯერ თვეც არ გასულა და ბოლნისში მეორედ ჩამოვედი. პირველად ,,ბოშები“ ვიხილე ამ სცენაზე, ახლა - ,,ხაზარულა’’. აი, ეს ტაში მიყვარს, ბავშვების ჟრიამული, ნოდარის ნაწარმოების მოლოდინში რომ არიან და სცენას თავისი ხმაურით ავსებენ. ეს ყველაზე დიდი განძია ჩემთვის. დავდივრ საქართველოს კუთხეეებში და იმ სიყვარულს ვაგროვებ, რაც მამამ წლების მანძილზე დათესა, თუმცა დიდხანს არ უცხოვრია. მადლობა ყველას, ესაა მარადისობა “–აღნიშნა მან.
დარბაზში უამრავმა დამსწრემ მოიყარა თავი; მათ შორის იყვნენ სტუმრები გერმანიიდან და ქართული სკოლის თითქმის ყველა მოსწავლე და მასწავლებლები.
აღსანიშნავია, რომ სპექტაკლი მთლიანად სკოლის რესურსით იქნა წარმოდგენილი – მსახიობები სკოლის თეატრალური დასი გახლდათ, რეჟისორი -პედაგოგი მაგული გაბრიჭიძე და მუსიკალური გამფორმებელი -ნინო დვალიშვილი, დეკორაცია კი სპექტაკლში მონაწილე მსახიობის მშობელს, ცირა არჯევანიძეს ეკუთვნოდა.