ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქუმის საჯარო სკოლის პედაგოგი დარეჯან ბენდელიანი ახალი თაობის წარმატებულ მომავალსა და განვითარებაზე ზრუნავს.
მისი თქმით, მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში უმნიშვნელოვანესია ნდობა და რა გასაკვირია, რომ მას მოსწავლეები ძალიან აფასებენ.
დარეჯან ბენდელიანმა სხვადასხვა საინტერესო საკითხზე etaloni.ge-ს ბლიც-ინტერვიუში ისაუბრა.
- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...
- მეგობრულ, პოზიტიურ ურთიერთობას კოლეგებს, მოსწავლეებსა და მშობლებს შორის, სადაც ყველას ერთი მიზანი ამოძრავებს!
- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- ნდობა. თუ მოსწავლე გრძნობს და ფიქრობს, რომ ის არ უყვართ უანგაროდ, ასეთ კლასში, სკოლაში წინ ვერ წავა.
- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...
- ისინი არიან გულრწფელნი, ზრდილობიანნი, სუფთა სულის ადამიანები.
- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...
- მუდმივად განვითარებისა და სასარგებლო სიახლეებისაკენ სწრაფვას.
- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...
- ყოველი ბავშვის სულში წვდომა და მათი სიყვარულის მოპოვება. ყოველდღიურად ახალი ცოდნის მიღება.
- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ...
- აკაკი წერეთლის „გამზრდელი“.
- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...
- სკოლებს შორის სპორტული ღონისძიებები მახარებდა. განსაკუთრებით მიყვარდა ახალი ნაცნობების შეძენა და საკუთარი თავის, სკოლის წარმოჩენა.