„საიმედო მასწავლებელი მოსწავლეებისთვის საიმედო გარემოსა და კონტექსტს ქმნის“- ბელა მოდებაძე, სვირის საჯარო სკოლის დირექტორი
08-11-2024

„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს თანამშრომლობას, სიახლეებისკენ სწრაფვას, პროფესიულ ზრდა-განვითარებას“,- ასეთია ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირის საჯარო სკოლის დირექტორის - ბელა მოდებაძის აზრი. 

სკოლის წარმატებული ხელმძღვანელი მოსწავლე-მასწავლებლებისთვის პოზიტიურ, მათ ინტერესებზე მორგებულ გარემოს უზრუნველყოფს და ზრუნავს ქვეყანას განათლებული და ღირსეული მოქალაქეები აღუზარდოს.

ბელა მოდებაძემ სხვადასხვა საინტერესო საკითხზე etaloni.ge-ს ბლიც-ინტერვიუში ისაუბრა.

- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...

- გარემოს, სადაც მოსწავლეები თავს გრძნობენ უსაფრთხოდ, ღირებულად, ენდობიან სხვებს, არ ეშინიათ კითხვების დასმის და მზად არიან მიიღონ გამოწვევები.
პოზიტიური სასწავლო გარემო უზრუნველყოფს ბავშვების ინტელექტუალურ, ფიზიკურ, სოციალურ და ემოციური განვითარებას. ასეთი გარემოს შექმნას მასწავლებლების მხრიდან ძალისხმევა და მუშაობა სჭირდება, თუმცა შედეგი ამად ღირს - მოსწავლეები არიან კომუნიკაბელური, მოტივირებული, სწავლობენ, აღწევენ წარმატებას და დისციპლინის შენარჩუნებაც უფრო მარტივია.

- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...

- მოსწავლისა და მასწავლებლის ურთიერთობა ნამდვილად მნიშვნელოვანი და კომპლექსური საკითხია. მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობა გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ინფორმაციის გაცემა-მიღება. ის გავლენას ახდენს ბავშვის ცხოვრების სხვადასხვა სფეროზე. მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განვითარებისა და სწავლის ადრეულ ეტაპზე. სწორედ ამ დროს, დადებითი ურთიერთობები გრძელვადიანად მოქმედებს ბავშვის ქცევით-ემოციურ და სოციალურ განვითარებაზე. ამ საკითხს არაერთი კვლევა უსვამს ხაზს. ბავშვები ადრეულ ეტაპზე ეძებენ საიმედო უფროსს, რომლის მიმართაც უყალიბდებათ მიჯაჭვულობა. საიმედო მასწავლებელი კი მათთვის საიმედო გარემოსა და კონტექსტს ქმნის, რაც მასწავლებლის მიმართ მიჯაჭვულობის ფორმირებას უწყობს ხელს. მხოლოდ ამ საიმედო გარემოში შეუძლია ბავშვს თამაში, სწავლა, შემეცნება… ადრეულ ასაკში მსგავსი ურთიერთობა იმდენადაა მნიშვნელოვანი, რამდენადაც ბავშვს უყალიბდება ინტერპერსონალური ურთიერთობების შინაგანი მოდელი და ის განზოგადდება რწმენების სქემის სახით. აღნიშნული მიმართულებით ჩატარებული კვლევები, ხაზს უსვამს სოციალური კომპეტენციების მნიშვნელობას მოსწავლე-მასწავლებლის პოზიტიური ურთიერთობების დროს. ამ გამოცდილებისას შეძენილი უნარები ბავშვის ქცევის ნაწილი ხდება და ის მათ ოჯახურ გარემოშიც განაზოგადებს.

- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...

- ისინი არიან პირდაპირები, გულწრფელები, მიზანდასახულები და პასუხისმგებლიანები.

- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...

- თანამშრომლობას, სიახლეებისკენ სწრაფვას, პროფესიულ ზრდა-განვითარებას. მნიშვნელოვანია, საკოლო საზოგადოების გაძლიერება, ჯანსაღი თანამშრომლობითი კულტურს ჩამოყალიბება ,სიახლეებისკენ სწრაფვა და მუდმივი განვითარება.   

- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...

- ურთიერთობები და ჩემი სოციალური გარემო; ოჯახი, მეგობრები და ჩემი სამსახური - ადგილი, სადაც დროის უმეტეს ნაწილს ვატარებ. მოტივაციის მომცემია ჩემთვის ყველა ის მომავლის გეგმები, ოცნებები და მიზნები, რომლებიც მაძლევენ ენერგიას და ძლიერ მუხტს განსახორციელებლად. მოქმედება და ახალი მწვერვალების ძიება მოტივაციაა.   

- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ... 

- მისტერ მორის ლესმორის „საოცარი მფრინავი წიგნები“.

- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...

- ყველა სასკოლო ღონისძიება ძალიან მიყვარდა, თუმცა საახალწლო ღონისძიება განსაკუთრებულად.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203