განთიადის საჯარო სკოლაში ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს კვირეული მიეძღვნა  
11-11-2024

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლაში ილია ჭავჭავაძის დაბადების დღესთან დაკავშირებით, მრავალფეროვანი კვირეული გაიმართა, რომელშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ. 

მე-9 კლასის მოსწავლეებმა კვირეულის ფარგლებში საინტერესო ღონისძიება გამართეს, სადაც ილიას შემოქმედება გააცოცხლეს და მის ცხოვრების შესახებ ისაუბრეს. 

„ტკბილი სიტყვა რა არისო! — იტყოდა ხოლმე, — ამ გამწარებულს წუთის-სოფელში ტკბილი სხვა რა არის, რომ სიტყვა იყოს. რას მიქვიან ტკბილი სიტყვა! თვალთმაქცობაა, სხვა არაფერი. ტკბილი სიტყვა ნუგეშია, კაცს გულს მოჰფხანს. გულის-ფხანა რაღა დარდუბალაა! ფხანა ქეცმა იცის“ - გაიხსენეს მოსწავლეებმა დიდი ილიას სიტყვები, მათთვის საყვარელი ნაწარმოები - „ოთარაანთ ქვრივი“ და კიდევ ერთხელ ხოტბა შეასხეს იმ დიდი ღვაწლს, რაც მწერალმა ქართველი ერის წინაშე გაიღო. 

„არ ვიცი, დღეს რა მაოხუნჯებს, თითქოს ჯიბეში მილიონი მქონდეს.
შენმა წიგნმა თუ მასიამოვნა? ვაი მილიონერებს, რო, ფული ბევრი აქვთ და გრძნობა კი ცოტა. ორივ ერთად, რომ იყოს, მეტის მეტია.
ამით ვინუგეშოთ და დავსდუმდეთ…
ფულიანს უკეთურებას ჰსჯობს უფულო ღირსება.
ძალიან მოლექსეობა დავიწყე შენთან, ჩემო კარგო ოლიკო!
ამით იცოდე, რომ შენთან ლაპარაკი ყოველს სევდიანობას გულიდამ მაშორებს და მამხიარულებს…”, - ამ სიტყვებით მე-9 კლასის მოსწავლეებმა მასწავლებელის ნათია მახარაძის ხელმძღვანელობით, პერსონაჟები გააცოცხლეს და სასკოლო საზოგადოებას დაუვიწყარი სანახაობა შესთავაზეს. 

„მარად და ყველგან საქართველოვ მე ვარ შენთანა…“,  - ეს იყო მეცხრეკლასელთა მთავარი გზავნილი, ილიას ის სიტყვები, რომლებზეც თაობები იზრდებიან. 

აღსანიშნავია, რომ კვირეულს მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეებიც შეუერთდნენ, რომლებიც ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის მუზეუმს სტუმრობდნენ, სადაც კიდევ ერთხელ გაეცნენ დიდი საზოგადო მოღვაწის  ცხოვრების წლებს, შემოქმედებასა და მის კვალს, რომელიც ქართველ საზოგადოებას ჯერ კიდევ აჩვენებს გზას მომავლისკენ. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203