ასპინძის მუნიციპალიტეტის, ხიზაბავრის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და მოსწავლეებიც დიდი ინტერესით ერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში, იღებენ საფუძვლიან განათლებას და ეცნობიან დიდი მწერლების ცხოვრება-შემოქმედებას.
ამჟამად, საქართველოს მასშტაბით სკოლებში დიდი ილიას დაბადებიდან 187-ე წლისთავთან დაკავშირებით კვირეული იმართება და ამ მხრივ გამონაკლისი არც ხიზაბავრის საჯარო სკოლა გახლავთ.
სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებმა დიდი ქართველის, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს ღონისძიება მიუძღვნეს, მოსწავლეებმა ისაუბრეს მის ბიოგრაფიასა და იმაზე, თუ რამდენად დიდია ილია ჭავჭავაძის ღვაწლი საქართველოს წინაშე.
ილიას შემოქმედება განსაკუთრებით პირველკლასელებისათვის იყო დასამახსოვრებელი, რადგან როგორც ხიზაბავრის საჯარო სკოლაში აღნიშნავენ, ეს პირველი აქტივობა იყო მათი მონაწილეობით. ღონისძიება კი სახელმწიფო ენის კათედრის თაოსნობით ჩატარდა, რომელსაც მარინე ხაზალაშვილი თავმჯდომარეობს.
იხილეთ ფოტოები: