ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის პედაგოგი თათია მჟავანაძე სწავლებისას მრავალფეროვან აქტივობებს, მეთოდებსა და სტრატეგიებს მიმართავს 
11-11-2024

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მოტივაციისა და განწყობის ამაღლების მიზნით, საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ, რომლებშიც ბავშვები მონდომებით ერთვებიან. მათი საინტერესო გაკვეთილები მოსწავლეებს სწავლის წყურვილს უჩენს.

სკოლის ერთ-ერთი ასეთი პედაგოგია დაწყებითი კლასის მასწავლებელი თათია მჟავანაძე. ის, როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მიზანს საინტერესო და მრავალფეროვანი საგაკვეთილო აქტივობებით აღწევს.

პედაგოგი პირველკლასელებთან მათ საჭიროებებზე მორგებულ სწავლების მეთოდებსა და სტრატეგიებს იყენებს, რომელთა მეშვეობით საგაკვეთილო პროცესი მეტად საინტერესო და მრავალფეროვანი ხდება. აღსანიშნავია, რომ აქტივობებში ბავშვებთან ერთად მშობლებს რთავს, რაც ბავშვებს განწყობას კიდევ უფრო უმაღლებს.

“პირველკლასელთათვის ცოდნის ტაძარი უკვე გაიღო. დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები ახალ სასწავლო გარემოს მათზე მორგებული მეთოდებითა და სწავლა-სწავლების სტრატეგიებით ეჩვევიან. სოციალური, აკადემიური, ეფექტური და ფიზიკური გარემოს უსაფრთხო ატმოსფეროს შექმნაზე ზრუნვა სასწავლო წლის პირველივე დღიდან დავიწყე, მოვარგე თანამშრომლობით მოდელს და სრულად გავითვალისწინე მოსწავლეების ინტერესები და საჭიროებები. სკოლის პირველ დღეს გავიცანი მოსწავლეები ოთხი სახალისო აქტივობით: ბლიც ინტერვიუ - „ვინ ვარ მე?!“ (რესურსი: ბურთი,კალამი,ფურცელი. ბურთის მეპატრონე გვაცნობდა საკუთარ თავს ჩემ მიერ შეთავაზებული კითხვებით). „ჩვენი საკლასო ოთახი“ - მოვათვალიერეთ და ვისმჯელეთ გარემოზე, ჩემი დღესასწაული - დაბადების დღე, აქტივობაში ჩავრთეთ მშობლები“, - გვიყვება პედაგოგი.

მასწავლებელი ასევე აქტიურად იყენებს სწავლა-სწავლების მეთოდს, რომელიც გაკვეთილებს მეტად ამარტივეს.  მისი მეშვეობით, როგორც თავად აღნიშნავს, საგაკვეთილო პროცესი ინტერაქტიური ხდება. 

„ჯადოსნური ყუთი - პირველი სიტყვა იყო „მიყვარხარ“ ამ ყუთში საოცარი სიტყვების შეგროვება პირველსავე დღეს დავიწყეთ და დღემდე ვაგრძელებთ, უკვე შევაგროვეთ და გავითავისეთ: მიყვარხარ, მენატრები, ბოდიში, გაიღიმე, ჩამეხუტე, გამოგივა და ა.შ. როგორც წინასაანბანო ისე საანბანო პერიოდში ვიყენებ თამაშით სწავლების მეთოდს, ამით სწავლება-სწავლის პროცესი ინტერაქტიური ხდება. წინასაანბანო პერიოდში ქართულ ენაში არსებული საგაკვეთილო თემების მიხედვით ვგეგმავდი საინტერესო და განსხვავებულ აქტივობას, პროვიცირების ეს ხერხი მეხმარებოდა მათთვის მიწოდებული თეორიული მასალა პრაქტიკაში გადმომეტანა და მიმეცა მატერიალური სახე.კერძოდ თემაში „კლასელები“ მსჯელობის შემდეგ ურთიერთობებისა და სიყვარულის გამოსახატავად ვთხოვე ერთმანეთის დახასიათება, შემდეგ კი თბილი ჩახუტება, ამ აქტივობის შემდეგ კლასი უფრო მეტად შეიკრა ვიდრე სასწავლო წლის პირველ მეორე კვირაში“, - აღნიშნავს მასწავლებელი.

ის, ასევე მოსწავლეებთან ორიგინალურ აქტივობებს ატარებს, სადაც ბავშვებთან ერთად ირგებს სხვადასხვა პროფესიის ადამიანების როლს. ამის მეშვეობით ბავშვების თვალსაწიერს და ცნობიერებას აფართოებს. ისინი ერთად მსჯელობენ და განიხილავენ სხვადასხვა შემთხვევას.

„თემა - „ჩემი გაკვეთილები“, სადაც მოვირგე ჟურნალისტის როლი, ხოლო რესპონდენტებად ჩემი პატარები ავირჩიე, ვმსჯელობდით თითოეულ წარმოდგენილ ილუსტრაციებზე, ვადარებდი რეალურ გაკვეთილებსა და ა.შ. მეტი დამაჯერებლობისთვის ჟურნალისტის ბეიჯიც კი მქონდა მორგებული და დიალოგიც ზუსტად იმ ფორმატში წავიყვანე როგორც ჟურნალისტსა და რესპონდენტს შორის უნდა ყოფილიყო. ნატიფი მოტორიკის განსავითარებლად აქტიურად ვიყენებდი წერისთვის მზაობის ნიმუშებს, როგორიცაა წყვეტილი ხაზებით ნახატების შექმნა და გაფერადება, ამ მეთოდმა საანბანო პერიოდში ტკბილი ნაყოფი მოისხა, რაც მოსწავლეების წერის უნარზე დადებითად აისახა“, - ამბობს პედაგოგი.

აღსანიშნავია, რომ მან პირველკლასელებს ასევე ანბანის სწავლა საზეიმოდ უქცია და ისინი „ჯადოსნურ სამყაროში ამოგზაურა“. ბავშვებს საინტერესო, მრავალფეროვანი აქტივობები შესთავაზა, რამაც მათ სწავლის მიმართ დიდი ინტერესი გაუღვივა.

„ანბანი დიდი ჟრიამულით „შემობრძანდა“. ვუმღერეთ ანბანს, ვნახეთ ზღაპრის გმირები ანბანის ყველა ასოზე, გავაკეთეთ ჩვენი პირველი ხელნაწერი „აი ია“ ,მოვქარგეთ პლასტელინით და შევინახეთ კლასისთვის შექმნილ პორთფოლიოებში. საანბანო პერიოდში დავამატე სენსორული აქტივობები, გაკვეთილს ისევ მივეცი თამაშის სახე, გადავაქციე მოსწავლეები პოლიციელებად, დავავალე შესწავლილი ასოების ამოცნობა და შემდეგ ბრინჯით დაფარულ ზედაპირზე ბგერის ასლის შექმნა - გადმოწერა. საანბანო პერიოდში ახალი ასოს შემობრძანება ტექნოლოგიების კვალდაკვალ ხდება,რესურსად ვიყენებ პროექტორსა და კომპიუტერს,პრეზენტაციის დახმარებით ვხსნი მასალას და ვიზუალური ეფექტების გამოყენებით ვავსებ/ვამდიდრებ მათ ლექსიკურ მარაგს. პრეზენტაცია მოიცავს: ახალ ასოს,ამ ასოზე დაწყებულ ყველა სიტყვას თავისი სურათიანად, ანდაზას, ლექსს, რებუსებს და საკითხავ ტექსტს. ბავშვებს მოსწონთ იმ ყველაფრის ყურება რაზეც ელაპარაკები და უხსნი“, - გვიყვება მასწავლებელი.

პედაგოგი ასევე არც მნიშვნელოვან თარიღებს ტოვებს აღნიშვნის გარეშე და მოსწავლეებთან ერთად საინტერესო ღონისძიებებს ატარებს. მისთვის მნიშვნელოვანია გუნდურობა და თანამშრომლობა მოსწალვეებთან, რისთვისაც თავს არ ზოგავს.

„28 ოქტომბერს ჩავატარე პირველი კლასს-საათი, რომელიც მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასა და იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს ეხებოდა.სტუმრად კი სკოლის დირექტორი  ნათელა ტაკიძე, სასწავლო ნაწილი და დაწყებითი კლასის მასწავლებელი მოვიწვიეთ.ხელოვნური ინტელექტის დახმარებით გავაცოცხლე იაკობის ხმა და გავასაუბრე ჩემ პატარებს,ბავშვებმა თქვეს პროგრამით გათვალისწინებული და უკვე ათვისებული ლექსები,ბოლოს კი თავიანთი საიდუმლოებები გაგვიზიარეს, რომელიც მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობებს მეტად ამყარებს. იმისათვის, რომ მათი ტრანზიციის პროცესი გამეადვილებინა შევქმენით „დაღლილობისა და სიზარმაცის დამშლელი ფორმულა“ - ჯერ თავზე ვიდებთ ხელს,ვაგროვებთ მძიმე ემოციებს, ვიჭერთ და ვყრით ძირს. გარდა ამისა წუთშესვენებისთვის შევქმენი სიმღერა,მასწავლებელიც მღერის და ბავშვებიც. მათემატიკაში საორიენტაციო მხარეების გასარკვევად ხშირად შემქონდა ბურთი და ლახტი,ლახტი გამოვიყენეთ -შიგნით,გარეთ,წინ,უკან მხარეების გასარკვევად ბურთი კი მარჯვენა, მარცხენა, შუა მხარეების გასარკვევად. სწავლების ამგვარი მეთოდი იმით არის თანამშრომლობითი, რომ საგაკვეთილო პროცესში ჩართულია როგორც მასწავლებელი ისე მოსწავლეები. რიცხვისა და რაოდენობების ასათვისებლად გავაკეთე ყუთი „მუ-მუ“ ყუთზე დავაკარი ძროხის ფოტო, გამოვჭერი პირის ადგილი,გავამზადე ლოტოს ქვები,ვისაც რომელი რიცხვი ამოუვიდოდა იმ რიცხვის შესაბამისი ვაშლები უნდა ეპოვა და ეჭამა მუ-მუსთვის. რესურსების მრავალფეროვნებამ და ტექნოლოგიების აქტიურად გამოყენებამ მოსწავლეებში უკვე გაზარდა სწავლის მოტივაცია, და ხელი შეუწყო შემოქმედებითი  და სოციალური უნარების დახვეწას“, - ამბობს პედაგოგი.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203