ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აზმანის საჯარო სკოლაში ილია ჭავჭავაძის დაბადების დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება - „ილია ვარ არ მესროლოთ“, გაიმართა.
ღონისძიება ილიას დაბადებიდან 187 წელს მიეძღვნა და მასში მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ.
მოსწავლეებმა გაიხსენეს მწერლის და საზოგადო მოღვაწის ბიოგრაფია, მისი მხატვრული შემოქმედება, მათ „გააცოცხლეს“, ილია თავისი ნაწარმოებების გახსენებით.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა, ნაწარმოებებიდან: „კაცია ადამიანი?!“ და „მგზავრის წერილები“, პერსონაჟთა როლები მოირგეს და საინტერესო წარმოდგენა დადგეს.
ასევე, მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას საინტერესო პრეზენტაცია წარუდგინეს და შექმნეს კედლის გაზეთი.
როგორც სკოლაში აფასებენ, ღონისძიება შემოქმედებითი, ინფორმაციული და საინტერესო გახლდათ.