ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და ხელოვნებით დაინტერესებას დიდი ყურადღება ეთმობა.
ამ მიზნით, სკოლაში სხვადასხვა აქტივობა ეწყობა. ახლახან კი, IXა კლასის მოსწავლეები, მათი მშობლები და კლასის დამრიგებელი - ცირა კუბლაშვილი ქალაქ ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში სპექტაკლზე - „ხევისბერი გოჩა“ იმყოფებოდნენ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მსახიობებმა შეძლეს მოსწავლეების გრძნობების გაღვივება და მათ თვალწინ ტკივილითა თუ მშვენიერებით დატვირთული სიუჟეტების წარმოჩენა.
„ხელოვნების სიყვარული, რომელიც თითოეული ადამიანის სულში უნდა ბრწყინავდეს, წარმოადგენს თვალსაჩინო მაგალითს იმისა, რომ განათლება არ შემოიფარგლება მხოლოდ მეცნიერული ცოდნით. თეატრი, როგორც სულიერი სამყაროს გამოხატვის საშუალება, შესაძლებლობას აძლევს მოზარდს, შეიგრძნონ სხვისი ემოციები, გაუმკლავდნენ საკუთარ ფიქრებსა და გრძნობებს, აღმოაჩინონ შინაგანი სამყაროს უხილავი კუთხეები. ქცევისა და მოსმენის კულტურის ჩამოყალიბება არა მხოლოდ ამ გზაზე იძლევა საშუალებას საზოგადოების ერთიანობისა და ურთიერთგაგების შექმნისა, არამედ ყველა მოზარდს უნიკალურ გამოცდილებას სთავაზობს, რომელიც განვითარების ერთ-ერთი მყარი საფუძველია.
მოსწავლეები შთაბეჭდილებებით საუბრობენ იმ ჯადოსნურ წუთებზე, რომლებიც თეატრში გაატარეს, მათ სურვილი აქვთ, ტრადიციად დანერგონ სკოლაში „თეატრის დღე“,- გვიყვებიან სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: