„დიდი ილია - ერის მოამაგე“ - შთამბეჭდავი ღონისძიება სამთაწყაროს საჯარო სკოლაში
13-11-2024

8 ნოემბერი დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის - ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეა. ეს გამორჩეული თარიღი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლაში განსაკუთრებულად აღინიშნა. 

ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 187 წლისთავს სკოლაში შთამბეჭდავი ღონისძიება მიეძღვნა. 

დიდი ქართველი მწერლისა და ეროვნული ლიდერის ხსოვნის პატივისცემის დღემ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა სკოლის საზოგადოებისთვის.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მთავარი მიზანი იყო მოსწავლეებში ეროვნული თვითშეგნების გაღვივება და ილიას იდეალების მიმართ პატივისცემის დამკვიდრება.

ღონისძიებამ მოსწავლეებს მისცა შესაძლებლობა, გაეცნოთ ილიას ხედვები, ღირებულებები და მისი შეუფასებელი მემკვიდრეობა, რომელიც მომავალ თაობას ქართული კულტურისა და ეროვნული თავისუფლების სიყვარულს უნერგავს.

ღონისძიება პედაგოგების -  ლია მეხრიშვილის, ლალი მეხრიშვილის, განგა ჭუჭუხაშვილისა და მარიამ ტაბატაძის ორგანიზებით გაიმართა და მოიცავდა ილიას ცხოვრების მრავალ მნიშვნელოვან ეპიზოდს.

I-XII კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს მისი ნაწარმოებები, ლექსები, ციტატები და ინსცენირებები, რომელმაც ილიას ცხოვრება და ხედვები სრულიად ახალი კუთხით წარმოაჩინა.

მოზარდებმა სცენაზე გააცოცხლეს ილიას პერსონაჟები, მათ შორის „ოთარაანთ ქვრივი“ და „ლუარსაბ თათქარიძე“. ასევე, გაგვიზიარეს ილიასა და ოლღას წერილები, რომლებიც ეროვნულ სულისკვეთებასა და ღირებულებებს უკვდავყოფს.

მუსიკალურად ღონისძიება გაამდიდრეს ბატონმა ნოდარ შაინიძემ და ქალბატონმა ფიქრია ბუჩუკურმა, რაც თითოეულ გამოსვლას ცოცხალ ემოციებს სძენდა და ამ დღეს კიდევ უფრო ამაღლებულად აქცევდა.

ღონისძიების  ნაწილი იყო ილიასადმი მიძღვნილი კედლის გაზეთი, რომელიც მონაწილეებმა  საკუთარი ხელით შექმნეს. გაზეთი მოიცავდა ილიას შემოქმედებისა და ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებს, ციტატებსა და მისი მოღვაწეობის სიმბოლოებს, რაც კიდევ უფრო გააძლიერებდა პატრიოტული სულისკვეთებას სკოლაში.

„ღონისძიებამ შექმნა შთამაგონებელი ატმოსფერო, რომელმაც მოსწავლეებს ეროვნული ცნობიერების ამაღლების უნიკალური გამოცდილება შესძინა. ბავშვებმა უკეთ გაიცნეს ილიას მოღვაწეობა და მისი ღირებულებები, რაც მათ ცნობიერებასა და ეროვნული იდენტობის გააზრებას დიდად შეუწყობს ხელს“,- გვეუბნებიან სკოლაში. 

სკოლის დირექტორმა - ეკატერინე ჩიტაურმა ღონისძიების დასასრულს მადლიერება გამოხატა ყველა ორგანიზატორისა და მონაწილე მოსწავლის მიმართ.

„ეს დღე ჩვენი სკოლის სიამაყეა. ჩვენი მოსწავლეები ნიჭიერები და მრავალმხრივ უნარიანები არიან, და დღევანდელი წარმოდგენები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ისინი ჭეშმარიტად ილიას გზის გამგრძელებლები არიან“,- აღნიშნა დირექტორმა.

სამთაწყაროს საჯარო სკოლის დირექცია გულითად მადლობას უხდის თითოეულ მონაწილეს — ორგანიზატორებს, მოსწავლეებსა და დამრიგებლებს — ილიას ჭავჭავაძის 187 წლისთავისადმი მიძღვნილი პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის.

„თქვენი შრომა და თავდადება კიდევ ერთხელ აჩვენებს ჩვენი სკოლის ძალას და ერთიანობას.  გისურვებთ წარმატებასა და წინსვლას მომავალშიც!“,- აღნიშნავენ დირექციაში. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203