ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდოს საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობები იმართება.
ამჯერად, სკოლაში საშემოდგომო ღონისძიება ჩატარდა, რომელსაც მოსწავლეებმა სახელად „ჩვენებური შემოდგომა“ შეურჩიეს.
ღონისძიების დასაწყისში მე-5 და მე-6 კლასების მოსწავლეებმა შემოდგომას ლექსები და სიმღერები მიუძღვნეს. შემდეგ კი საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა გააგრძელეს ხილისა და ბოსტნეულის პრეზენტაციები.
ღონისძიებაზე, მათ წარადგინეს ის ხილი და ბოსტნეული, რომელიც ხარობს სოფელ ხანდოში და თვითონ მოჰყავთ მოსავალი. მოსწავლეებმა პრეზენტაციისთვის მოიძიეს ინფორმაცია, დაამუშავეს ტექსტები, მოამზადეს კერძები, ნახატები და ფიგურები.
„შეფასებისას ითქვა, რომ ეს იყო ჩვენებური ხილის და ბოსტნეულის ფესტივალი. კარგად ორგანიზებული ღონისძიება. ჩანდა მოსწავლეთა მაღალი მოტივაცია, მშობლების ჩართულობა“, - გვიყვებიან სკოლაში.
ღონისძიების ბოლოს დამსწრე საზოგადოებამ დააგემოვნა მოსწავლეების მომზადებული კერძები და ბავშვების ნახელავი სხვადასხვა ნომინაციაში დაასახელა. აღინიშნა ყველაზე ლამაზი, ყველაზე გემრიელი, ყველაზე არომატული და ყველაზე კრეატიული კერძი.
„სკოლაში ისმოდა ჟრიამული და ტრიალებდა სასიამოვნო სურნელი“, - ამბობენ სკოლაში.
იიხლეთ ფოტო-ვიდეომასალა: