გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული, რომლებშიც მოსწავლეები დიდი მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად, სკოლაში, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღესთან დაკავშირებით კვირეული მოეწყო. სკოლაში, მე-8 კლასის მოსწავლეებმა წარადგინეს ღონისძიება „ილია - ერის მამა“. ღონისძიებას ესწრებოდნენ მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები.
აღნიშნული ღონისძიება შედგებოდა ეპიზოდებისგან. ბავშვებმა გააცოცხლეს ილია ჭავჭავაძის გმირები ნაწარმოებებიდან: „კაცია ადამიანი?!“, „განდეგილი“ და „ოთარაანთ ქვრივი“. მათ შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს. ბავშვებმა, ასევე, დამსწრე საზოგადოებას ილია ჭავჭავაძის მნიშვნელოვანი გამონათქვამები და ნააზრევი გააცნეს.
ილია ჭავჭავაძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების სცენარის ავტორი და დამდგმელი - ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მჭედლიძე თამარი გახლდათ.
ეს დღე დასამახსოვრებელი და ემოციური იყო მოსწავლეთათვის.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: