აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზათის საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებენ როგორც ხარისხიან ფორმალურ განათლებას, ასევე აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების აქტივობებში.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, არაფორმალური განათლების აქტივობები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მოსწავლეებში სიღრმისეულ სწავლებას, ამაღლებს სკოლის საერთო კულტურას, ხელს უწყობს მოსწავლეებში თანამშრომლობითი გარემოს შექმნას ზრდის მოტივაციას.
ამ მიზნით სასწავლო წლის დასაწყისში ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრაზე მასწავლებელმა - ქეთევან ვეკუამ დაგეგმა სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუნეშში, დიდი ქართველი მწერლის ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმი.
მიზნობრივი ჯგუფი დაკომპლექტდა მე-8 მე-9 კლასის მოსწავლეებით. ვიზიტის ორგანიზებაში აქტიურად ჩაერთნენ: მშობლები, სკოლის დირექცია, კლასის დამრიგებლები და სკოლის ექიმი.
საგნის მასწავლებელმა ქეთევან ვეკუამ მოაწყო პროექტის პრეზენტაცია მასწავლებლებთან, მშობლებთან და მოსწავლეებთან.
11 ნოემბერს კი მოსწავლეები ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ.
ექსკურსიის მონაწილეებმა დაათვალიერეს მწერლის სახლ-მუზეუმი, მოსწავლეები სიღრმისეულად გაეცნენ მწერლის ბიოგრაფიას და წარმოადგინეს მწერლის ნოველები და მინიატურები. მე-8 კლასის მოსწავლე ლუკა ბარნაბიშვილმა მუზეუმს საჩუქრად გადასცა საკუთარი ხელნაწერი და ნახატი ნიკო ლორთქიფანიძის პორტრეტით.
მოსწავლეებმა გადაიღეს ფოტოსურათები, შთაბეჭდილების წიგნში გააკეთეს ჩანაწერები.
შთამბეჭდავი ექსკურსიის ამსახველი ფოტოსურათების გამოფენა კი მოგვიანებით გეზათის საჯარო სკოლაში მოეწყო.