ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოსტანის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო, მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობა იმართება.
ამჯერად, სკოლაში, ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე აღინიშნა.
ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლა გამოეხმაურა ილიას კვირეულს, რომელიც ტარდება 8-14 ნოემბრის ფარგლებში და გამართა საინტერესო ღონისძიება.
ღონისძიების ფარგლებში, მეცხრე კლასის მოსწავლეებმა - გვანცა მამფორიამ და ნინი ჯოხაძემ გამართეს პრეზენტაცია. მათ ისაუბრეს ილიას ღვაწლსა და დამსახურებაზე ქართველი ერის წინაშე. ასევე, მეხუთე, მეექვსე და მეშვიდეკლასელებმა გაიხსენეს ილიას ბიოგრაფიული დეტალები, მისი მოღვაწეობა და შემოქმედება.
„პატარებმა წაგვიკითხეს სტროფები ილიას ლექსიდან „დამაკვირდი“. დასასრულს კი გაიმართა კინოჩვენება. ვნახეთ და განვიხილეთ მხატვრული ფილმი „კაცია-ადამიანი“, - გვიყვებიან სკოლაში.
ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები - თამარ კობზონაძე და ნინო მკერვალიძე.
სკოლა მადლობას უხდის ბავშვებს და პედაგოგებს აქტიურობისათვის და უსურვებს წარმატებას.
იხილეთ ფოტოები: