„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს მაღალკვალიფიციურ კადრებს, გუნდური მუშაობის კულტურას“- ბადრი დავითაძე, ჩაქვის N2 საჯარო სკოლის დირექტორი
13-11-2024

ბადრი დავითაძე ჯემალ არძენაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის N2 საჯარო სკოლის დირექტორია, რომელიც ზრუნავს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეუქმნას გარემო, სადაც თავს კომფორტულად იგრძნობენ და ერთიანი ძალებით საერთო მიზნების მისაღწევად იბრძოლებენ - ამ შემართებით ის სათავეში უდგას სასკოლო საზოგადოებას და თავისი წვლილი შეაქვს განათლებული თაობების ფორმირებაში. 

იხილეთ ბლიც-ინტერვიუ დირექტორ ბადრი დავითაძესთან:

- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...

- სასკოლო ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესია პოზიტიური გარემოს შექმნა, -გარემო რომელიც იქნება ესთეტიკურად მიმზიდველი, სამართლიანი, უსაფრთხო ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად... სადაც სკოლას ენდობიან, სადაც სუფევს წესრიგი და კეთილგანწყობა.

- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...

- ურთიერთპატივისცემა, საკუთარი უფლებების გააზრება, ზღვრული ნორმების დაცვა და ნდობა.  მიმაჩნია, რომ გადაჭარბებული ლიბერალიზმი შეიძლება გადაიქცეს მოჩვენებით, დამახინჯებულ ურთიერთობად.

- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან... 

- გამოირჩევიან თავაზიანობით, ქცევის მაღალი სტანდარტით, არიან შრომისმოყვარენი და რაც მთავარია, სკოლის დასრულების შემდგომ ადვილად პოულობენ საკუთარ ადგილს ცხოვრებაში, არ წყვეტენ კავშირს სკოლასთან.

- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...

- მაღალკვალიფიციურ კადრებს, პასუხისმგებლობას,  გუნდური მუშაობის კულტურის დამკვიდრებას, მიღწევების აღიარებას.

- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...

- სასკოლო საზოგადოებასთან ურთიერთობა, სითბოსა და სიკეთის გაცემა.

- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ... 

- დავესესხები შალვა ამონაშვილს - „მშობლებო, ნუ მოსთხოვთ სკოლას მხოლოდ ცოდნას.... როდესაც სკოლაში  მიხვალთ ნუ ილაპარაკებთ ნიშნებზე, ილაპარაკეთ იმაზე, თუ როგორი ადამიანი იზრდება თქვენი შვილი“...  ღირსეულ ადამიანად ჩამოყალიბებაში, სითბოს, სიყვარულის, თანადგომისა და  ერთგულების უნარების გამომუშავებაში აუცილებლად დაეხმარებათ ნოდარ დუმბაძის შემოქმედება... ამიტომაც ჩემს მოსწავლეებს ვურჩევდი პირველ რიგში წაიკითხონ ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებები.

- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...

- მოსწავლეობისას, რაც ნამდვილად მახარებდა და მაბედნიერებდა, იყო სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა და ექსკურსიები.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203