ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლის დირექტორი თენგიზ ოსეფაიშვილი მოსწავლეებს ხარისხიან, უსაფრთხო სასწავლო გარემოს სთავაზობს. მისთვის მნიშვნელოვანია როგორც მოსწავლეებთან, ასევე მთელ სასკოლო საზოგადოებასთან მეგობრული, ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობები, რისთვისაც ძალისხმევას არ იშურებს. ხელმძღვანელის თქმით, სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ერთიანობას, ერთ გუნდად მუშაობას.
etaloni.ge გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუს დირექტორ თენგიზ ოსეფაიშვილთან:
- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...
- მოსწავლეებისთვის და სკოლის თანამშრომლებისთვის უსაფრთხო გარემოს, ურთიერთპატივისცემას, ურთიერთნდობას, საგაკვეთილო პროცესის პარალელურად მრავალფეროვან და საინტერესო სასკოლო აქტივობებს.
- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- ღია, პოზიტიური, ურთიერთნდობაზე და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობა, მასწავლებელი უნდა იყოს მოსწავლის „იმედი“, რაც უზრუნველყოფს მოსწავლის ხარისხიან განათლებას და წარმატებას ნებისმიერ საქმიანობაში.
- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...
- არიან მეგობრულად ერთმანეთის მიმართ, პატივს სცემენ პედაგოგებს და სკოლის სხვა თანამშრომლებს, აქტიურად და უპრეტენზიოდ ერთვებიან და თავიანთი წვლილი შეაქვთ სასკოლო თუ არაფორმალურ აქტივობებში, უხარიათ სკოლის ყველა წარმატება.
- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...
- ერთიანობას, ერთ გუნდად მუშაობას.
- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...
- სკოლის ყოველი დღე იყოს უსაფრთხო, საინტერესო და წარმატებული.
- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ...
- ალბათ, მაინც ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებებს.
- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...
- სპორტული შეჯიბრებები.