„თეატრი კუნძულია იმ ქაოსში, რომელშიც ვარდება საზოგადოება უბედურების ჟამს. თეატრი იმ საუკეთესოს კეთილის, რაინდულის მცველია, რომელიც ჩვენში არსებობს“,- ამ სიტყვებით შთაგონებული ტყიბულის N6 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა თეატრალური ხელოვნებით დაინტერესებაზე ზრუნავენ.
ტყიბულის N6 საჯარო სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სიყვარულს თეატრისადმი დიდი ხნის ისტორია აქვს. ეს უკვე ტრადიციაა, არაფორმალური განათლების ნაწილია.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აღზარდო მაღალზნეობრივი ღირებულებებით ჩამოყალიბებული მომავალი თაობა და აზიარო მშვენიერების სამყაროს - ეს ყველაზე დიდი ამოცანაა, რომელიც სკოლების წინაშე დგას.
3 ნოემბერს ქალაქ ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის სცენაზე - „იავნანამ რა ჰქმნა“ გაცოცხლდა. Vა,Vბ, VIბ, VIIა, VIIბ, VIIIა კლასების მოსწავლეები (დამრიგებლები: ნანა ჭანტურია, ლელა სილაკაძე, სოფიო სოფრომაძე, ირმა ქარქაშაძე, ეელისო ბერძული, ლოლა ტოფაძე) მშობლებთან ერთად თეატრალური სამყაროს თანამონაწილენი გახდნენ.
8 ნოემბერს კი „ხევისბერი გოჩა“ და კვლავ ქუთაისის მესხიშვილის თეატრი იყო მოსწავლეთა მასპინძელი. VIIIბ, IX ა, IXბ კლასები (დამრიგებლები: მირანდა სოფრომაძე, ცირა კუბლაშვილი, კოტე გოშხეთელიანი) მოსწავლეთა მშობლებთან ერთად „ხევისბერი გოჩას“ ახალ ვერსიას გაეცნენ.
იყო ოვაციები, ყვავილები, სამაგალითო სიტყვები მაყურებლისა და მსახიობის მიმართ.
ლადო მესხიშვილის თეატრის ხელმძრვანელობამ დიდი პატივისცემა გამოხატა ტყიბულელი მაყურებლის, სკოლის დირექციისა და პედაგოგიური კოლექტივის მიმართ.
„განსაკუთრებით საინტერესო იყო ინტერვიუ მსახიობებთან. გამოიკვეთა მთავარი - უდიდესი ბედნიერებაა იყო თეატრალური ხელოვნების თაყვანისმცემელი და კარგი მსმენელი“,- აღნიშნავენ სკოლაში.
ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის თავმჯმდომარე დოდო ქათამაძე.
იხილეთ ფოტოები: