საბავშვო ბაღების პერსონალის მართვის მარეგულირებელ დოკუმენტით, დაწესებულება ვალდებულია გამოყოს ბავშვთა მიმართ ძალადობის თავიდან აცილებისათვის და ბავშვთა ძალადობისგან დაცვისათვის პასუხისმგებელი პირი (რეფერირებაზე პასუხისმგებელი პირი).
აღსანიშნავია, რომ შესაძლებელია, ეს ფუნქცია შეითავსოს რომელიმე თანამშრომელმა, თუმცა ამ შემთხვევაში, აუცილებელია მის შრომით ხელშეკრულებაში გათვალისწინებული და ასახული იყოს შესაბამისი ფუნქცია-მოვალეობები.
„დაწესებულებამ აუცილებლად უნდა შეიმუშავოს სამუშაო აღწერილობა ბავშვთა მიმართ ძალადობის თავიდან აცილებისათვის და ბავშვთა ძალადობისგან დაცვისათვის პასუხისმგებელი პირის პოზიციაზე, ცალკე, დამოუკიდებლად სხვა პოზიციებისგან.
ასევე რეკომენდებულია დაწესებულებას დამოუკიდებლად ჰყავდეს როგორც საკონსულტაციო საბჭო, ასევე ბავშვთა მიმართ ძალადობის თავიდან აცილებისათვის და ბავშვთა ძალადობისგან დაცვისათვის პასუხისმგებელი პირი“, - აღნიშნულია დოკუმენტში.