აზნივ ვოსკანიანი წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კიზილქილისის საჯარო სკოლის დირექტორია, რომლისთვისაც პრიორიტეტულია მოსწავლეები, მათთვის უსაფრთხო და ეფექტური გარემოს შექმნა და მასწავლებლები, რომელთა მხარდასაჭერად ენერგიას არ იშურებს - ამ თვისებებით, ის სათავეში უდგას სკოლას და ზრუნავს ქვეყანას წიგნიერი და განათლებული თაობები აღუზარდოს.
იხილეთ ბლიც-ინტერვიუ დირექტორ აზნივ ვოსკანიანთან:
- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...
- მხარდამჭერ, უსაფრთხო და მოტივაციის მომცემ სივრცეს, სადაც თითოეულ მოსწავლეს აქვს შესაძლებლობა განვითარდეს და გამოავლინოს საკუთარი უნარები. ეს არის სივრცე, სადაც ბავშვები თავს გრძნობენ დაცულად და მნიშვნელოვანად, ასევე მასწავლებლებს აქვთ რესურსები, რომ უზრუნველყონ სასიამოვნო სასწავლო პროცესი.
- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- ურთიერთპატივისცემა, ნდობა და მხარდაჭერა, რაც აძლიერებს ურთიერთგაგებას და სწავლების მოტივაციას.
- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...
- ისინი შრომისმოყვარეები და ცნობისმოყვარეები არიან. მუდმივად ცდილობენ განვითარებას და აჩვენებენ წინსვლას.
- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...
- ერთიანობას, პატივისცემას და ურთიერთდახმარებას, რაც ქმნის მეგობრულ გარემოს.
- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...
- მოსწავლეების წარმატება და მათთვის მომგებიანი გარემოს შექმნა.
- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ...
- ყველა მოსწავლეს ვურჩევ აკაკი წერეთლის ნაწარმოებს „გამზრდელს“, რადგან ამჟამად საინტერესო თემას წარმოადგენს საზოგადოებისა და პიროვნების ურთიერთობის საკითხი, ასევე აღზრდის როლი ადამიანის ჩამოყალიბების საქმეში.
- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...
- პირველი სექტემბრის დადგომა, ჩემთვის საინტერესო იყო მოსწავლეების თაიგულებით სკოლაში წასვლა და ახალი მასწავლებლების გაცნობა.