„მასწავლებლის ყოველდღიური მოტივაცია მოსწავლეთა წარმატებაა“, - ეს სიტყვები კერძო სკოლა „ცოდნას“ პედაგოგს - რუსუდან ნასყიდაშვილს ეკუთვნის, მასწავლებელს, რომლისთვისაც მოსწავლე პრიორიტეტულია და ზრუნავს მას შეუქმნას ისეთი გარემო, რომ თავი უსაფრთხოდ იგრძნოს, იყოს მოტივირებული და ჰქონდეს სწავლის სტიმული - ამ შემართებით ის განსაკუთებით უყვართ მოსწავლეებს, ენდობიან მას და საყვარელ მასწავლებელთან ერთად ისწრაფვიან საერთო წარმატების მისაღწევად.
იხილეთ, ბლიც-ინტერვიუ პედაგოგ რუსუდან ნასყიდაშვილთან:
- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...
- პოზიტიური სასკოლო გარემო გულისხმობს ისეთ საგანმანათლებლო სივრცეს, სადაც მოსწავლეები თავს გრძნობენ მოტივირებულად, უსაფრთხოდ და გრძნობენ მხარდაჭერას. ასეთ გარემოში მასწავლებლები და სკოლის ადმინისტრაცია ხელს უწყობენ პოზიტიურ ურთიერთობებს, ემოციურ მხარდაჭერას და მოსწავლეთა თვითგანვითარებას.
- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორს მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში წარმოადგენს ნდობა და ურთიერთპატივისცემა. ნდობა საშუალებას აძლევს მოსწავლეს, თავი იგრძნოს კომფორტულად, მოიკრიბოს თვითრწმენა და უფრო გახსნილი იყოს სასწავლო პროცესში. მასწავლებლის პატივისცემა კი აჩვენებს მოსწავლეს, რომ მასწავლებელი გულწრფელად ზრუნავს მის განვითარებაზე და ცოდნაზე.
- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...
- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებით ვამაყობ, რადგან ისინი მოტივირებულნი, ცნობისმოყვარეები და მიზანდასახული არიან. ისინი მუდამ ცდილობენ, თავიანთი შესაძლებლობები სრულად გამოავლინონ და გამოწვევებს სიხარულით შეხვდნენ. მათი პროგრესი და მონდომება შთამაგონებს და მარწმუნებს რომ მათ წინ დიდი წარმატება ელოდებათ.
- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...
- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ერთიანობას და საერთო მიზნებს, თანამშრომლობას, სოციალურ მხარდაჭერას, ღია კომუნიკაციას, განსაკუთრებულ კულტურას და ტრადიციებს.
- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...
- მასწავლებლის ყოველდღიური მოტივაციაა საკუთარი მოსწავლეების წარმატება, მუდმივი განვითარება, პოზიტიური კავშირი მოსწავლეებთან და პოზიტიური გარემოს შექმნა.
- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ...
- ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის „პატარა უფლისწული“. განსაკუთრებული სიღრმით და სიბრძნით სავსე, თუმცა მარტივი ენით დაწერილი ნაწარმოები, ცხოვრების მნიშვნელოვან ღირებულებებს გვასწავლის: მეგობრობას, სიყვარულს, პასუხისმგებლობასა და ემპათიას.
- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...
- დიდი სიამოვნებით ვმონაწილეობდი საქველმოქმედო და სოციო-კულტურულ პროექტებში, რაც ვფიქრობ ჩემში ზრდიდა თანაგრძნობას და პასუხისმგებლობას საზოგადოების მიმართ.