ეროვნული სასწავლო გეგმის მისიაა მოსწავლის ჰოლისტური (შემეცნებითი, ფიზიკური, ფსიქო-სოციალური) განვითარება. ამისთვის სკოლამ განსხვავებული საჭიროებები უნდა დაუკმაყოფილოს მოსწავლეებს.
ა) დაწყებით საფეხურზე სკოლამ უნდა უზრუნველყოს:
ა.ა) ფუნდამენტური აკადემიური უნარების - წიგნიერებისა და რაოდენობრივი წიგნიერების განვითარების ხელშეწყობა;
ა.ბ) სასკოლო გარემოსა და სწავლის მიმართ დადებითი დამოკიდებულების, პოზიტიური აკადემიური თვითკონცეფციის (საკუთარი თავის, როგორც მსწავლელის, აღქმა) ჩამოყალიბება და მოსწავლის მომზადება საბაზო საფეხურისთვის;
ბ) საბაზო საფეხურზე სკოლამ უნდა უზრუნველყოს საგანთა სწავლა-სწავლების საფუძველზე მყარი, დინამიკური და ფუნქციური ცოდნის კონსტრუირება, მოსწავლის ინტერესებისა და მიდრეკილებების გამოვლენა და მხარდაჭერა, მოსწავლის დამოუკიდებელი სწავლის უნარისა და შრომისუნარიანობის განვითარება, აქტიური მოქალაქის ფორმირების ხელშეწყობა და საფუძვლების შექმნა განათლების მომდევნო საფეხურზე (აკადემიური, პროფესიული) სწავლის გაგრძელებისთვის ან პროფესიული საქმიანობისთვის;
გ) საშუალო საფეხურზე სკოლამ უნდა უზრუნველყოს:
გ.ა) სისტემური აკადემიური და/ან პროფესიული ცოდნის კონსტრუირება;
გ.ბ) მოსწავლის მიერ საკუთარი პიროვნული განვითარების დაგეგმვისა და აკადემიური/პროფესიული ორიენტაციის მხარდაჭერა.