ტუნაძეების საჯარო სკოლის მოსწავლეთა მოგზაურობა „ასტრიდ ლინდგრენის საოცრებათა სამყაროში“
15-11-2024

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტუნაძეების საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან.

ამჯერად, სკოლაში ბავშვების უსაყვარლესი მწერლის ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღე განსაკუთრებულად აღინიშნა. 

ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში, შემეცნებითი ღონისძიება „ასტრიდ ლინდგრენის საოცრებათა სამყარო“ ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობდნენ 1-ელიდან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეები.

„მოსწავლეებს მიეცათ შანსი, დაეგემოვნებინათ შვედური ლიტერატურის უჩვეულო ხიბლი“, - აღნიშნავენ სკოლაში.

დღის პროგრამა მრავალფეროვანი და ბავშვებისთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო.

მოსწავლეებმა უყურეს ფილმს, რომელშიც ასახული იყო ასტრიდ ლინდგრენის ცხოვრება და მისი წვლილი საბავშვო ლიტერატურაში. ფილმის შემდეგ, მასწავლებელმა ბავშვებს სხვადასხვა, საინტერესო, დეტალი მოუთხრო მწერლის ცხოვრებისეულ გზაზე, მის კავშირს ბავშვებთან და პერსონაჟების უნიკალურ ხასიათზე.

„ღონისძიების სიურპრიზი იყო „ასტრიდ ლინდგრენის“ ვიზიტი - შორეული შვედეთიდან „ბებია ასტრიდი“ თვითონ ეწვია ღონისძიებას.

განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო ღონისძიების ნაწილი, როდესაც მოსწავლეებმა ბებია ასტრიდს საკუთარი ხელით მისწერეს წერილები“, - გვიყვებიან სკოლაში.

ბავშვებმა გამოხატეს მადლიერება და სიყვარული მათი საყვარელი პერსონაჟების მიმართ, წერილებში აღწერეს თავიანთი განცდები და წარმოდგენები „ბებია ასტრიდის“ წიგნებზე. შემდეგ კი, თითოეულმა მოსწავლემ გააფერადა ლინდგრენის ლიტერატურული გმირები - „პეპი გრძელიწინდა“, „ემილი“, „კარლსონი“ და სხვები, რითაც მათი პერსონაჟები კიდევ უფრო „გაცოცხლდა“.

ღონისძიების ბოლოს, როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებს საზეიმოდ გადაეცათ სამახსოვრო სიგელები, რომლებიც ასახავდა მათ მონდომებასა და მონაწილეობას ამ მნიშვნელოვან დღესასწაულში.

„ეს სიგელები ხელს შეუწყობს მათ მომავალშიც, შემოქმედებითი აზროვნებისა და კითხვის სიყვარულის გაღრმავებაში.

ტუნაძეების საჯარო სკოლაში „ასტრიდ ლინდგრენის დღე“ ნამდვილად დარჩება მოსწავლეების მეხსიერებაში, როგორც ლიტერატურის ჯადოსნურ სამყაროში პირველივე ნაბიჯების ისტორია“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ღონისძიების ორგანიზატორი იყო ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნესტან ღორჯომელაძე.

სკოლის დირექცია მადლობას უხდის და წარმატებებს უსურვებს მოსწავლეებსა და მასწავლებელს.

117 წლის წინ, 1907 წლის 14 ნოემბერს, დაიბადა მსოფლიო ლიტერატურის ბრწყინვალე წარმომადგენელი, შვედი საბავშვო მწერალი ასტრიდ ლინდგრენი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203