წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლის დირექცია, პედაგოგები მოსწავლეებს მოტივაციის ამაღლებისა და საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის გაზრდის მიზნით, საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, პედაგოგ ანნა წულაიას ხელმძღვანელობით, სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეები და მშობლები ბუნებისმეტყველების გაკვეთილის ფარგლებში, ქალაქ ზუგდიდში, კერამიკის სახელოსნოს „ორკოლ-სტუდიო“ ესტუმრნენ.
სახელოსნოში მოსწავლეები გაეცნენ თიხასთან მუშაობის ყველა ეტაპს, დაათვალიერეს ნაკეთობები, დაუსვეს კითხვები ოსტატებს.
ასევე მოსწავლეებმა დაათვალიერეს კორცხელის დედათა მონასტერთან არსებული ბოტანიკური ბაღი, სადაც პრაქტიკულად განამტკიცეს საკითხის „მცენარეთა სამეფოს“ ფარგლებში ათვისებული ცოდნა: მცენარეთა სასიცოცხლო ფორმები, ფოთლის ფირფიტის ფორმები, მცენარეთა ნაწილები, ყვავილების ფორმები.
„გაკვეთილი ბუნებაში ხელს უწყობს მოსწავლეებში დაკვირვების, შედარების, ანალიზის და სხვა უნარების განვითარებას“, - აღნიშნავენ სკოლაში.
სასკოლო საზოგადოება მშობლებს თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის.
ეს დღე დასამახსოვრებელი და ინფორმაციული იყო.
იხილეთ ფოტოები: