ილია ჭავჭავაძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების სერია სიღნაღის საჯარო სკოლაში
15-11-2024

ავლიპე ზურაბიშვილის სახელობის ქალაქ სიღნაღის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო და მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობებითაა გაჯერებული.

ამჯერად, სკოლაში ილია ჭავჭავაძის დაბადების დღესთან დაკავშირებით მრავალფეროვანი კვირეული ჩატარდა.

კვირეულის ფარგლებში, სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა მასწავლებელ ნინო ფერიაშვილთან ერთად ღონისძიება „ერთი დღე ილიას სამყაროში“ მოაწყვეს. მონაწილეებმა ისაუბრეს უდიდესი ქართველის ბიოგრაფიასა და შემოქმედებაზე.

„მათ ასევე, წაიკითხეს ილია ჭავჭავაძისა და მისი უსაყვარლესი მეუღლის, ოლღა გურამიშვილის წერილები, მათ შორის, პირველი წერილი ჩვენამდე მოღწეული იმ 240 წერილიდან, რომლებიც ერთმანეთისთვის ჰქონდათ მიწერილი“, - გვიყვებიან სკოლაში.

მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა მასწავლებელთან - ნინო ქოქუაშვილთან ერთად წაიკითხეს და გაიაზრეს ილიას პუბლიცისტური წერილი „ერი და ისტორია“, გამოკვეთეს ის ძირითადი თეზისები, რომლებზეც ამახვილებს ყურადღებას ავტორი და დაუკავშირეს თანამედროვეობას.

ეს დღე ასევე მე-6 კლასელებმაც აღნიშნეს. კლასი (მასწავლებელი ნათია ღლიღვაშვილი) გაიყო სამ ჯგუფად. თითოეულ ჯგუფს დაევალა მოეძიებინათ ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფია. ერთმა ჯგუფმა მოიძია მასალა მწერლის ბავშვობის წლებზე, მეორე ჯგუფმა- სტუდენტური წლების შესახებ, მესამემ- საქართველოში დაბრუნებისა და მოღვაწეობის ირგვლივ. მოძიებული ცნობების მიხედვით მოსწავლეებმა პრეზენტაცია  წარადგინეს კლასის წინაშე.

მერვეკლასელებმა კი წაიკითხეს ილიას მოთხრობა „სარჩობელაზედ“ და გამართეს საინტერესო   დისკუსია თემაზე: „იქონია თუ არა გავლენა საზოგადოების გულგრილმა დამოკიდებულებამ მოზარდების დამნაშავედ ჩამოყალიბებაზე“( პედაგოგი ნათია ღლიღვაშვილი).

ილიას კვირეულმა როგორც სკოლაში აღნიშნავენ, შემეცნებითი და ემოციური მუხტი გააღვიძა მოსწავლეებში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203