ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის N2 საჯარო სკოლაში აქტიური და მიზანდასახული მოსწავლეები სწავლობენ.
ამჯერად, XI კლასის მოსწავლეებმა, სამოქალაქო განათლების შესწავლისას პროექტი - „ჩემი საქართველო“ განახორციელეს. მოსწავლეები ქალაქ გორში საბრძოლო დიდების მუზეუმს ესტუმრნენ. მათ 1941-1945 წლების ისტორიული ფაქტების ამსახველი ფოტოები და ნივთები დაათვალიერეს. ისინი აქტივობაში მასწავლებლის - მარიკა ღვინიაშვილის ხელმძღვანელობით ჩაერთნენ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, განსაკუთრებული ინტერესი, მღელვარება და ტკივილით აღსავსე ემოციები 2008 წლის ომის და კერძოდ, შინდისის გმირების კუთხემ გამოიწვია. იქ ქალაქ გორის დაბომბვის ამსახველი ფოტოები, აფეთქებული ბომბების ნაწილები, აგრეთვე შინდისის გმირების სამოსი, პირადი ნივთები, ჯილდოებია განთავსებული.
„მოსწავლეებმა იმსჯელეს მუზეუმში მიღებულ ინფორმაციაზე, შეაფასეს ყოველივე და ამაყად, თავდაჯერებულად თქვეს, რომ თვითონ და მათი თანატოლები ის თაობაა, რომელიც გაამთლიანებს და დიდებას დაუბრუნებს საქართველოს“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: