საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეთა ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ზღაპრული აქტივობები
19-11-2024

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს წიგნის სიყვარულს ასწავლიან, მხატვრული ლიტერატურის მნიშვნელობაზე ესაუბრებიან და მათი წიგნიერების დონის ამაღლებაზე ზრუნავენ. 

კითხვის წასახალისებლად კი მნიშვნელოვანია ბავშვებს შემთავაზოთ ლიტერატურა, რომელიც მათ გულებში სამუდამოდ დაიდებს ბინას, ასეთი კი ასტრიდ ლინდგრენის ზღაპრებია. 

14 ნოემბერს მსოფლიოში ყველასათვის საყვარელი საბავშვო მწერლის  დაბადების დღეა. 

„ადამიანი არ მეგულება „პეპი გრძელწინდა“ არ წაეკითხოს, პერსონაჟით არ აღფრთოვანებულიყოს და მეტიც, მისი თავხედური სითამამის მიუხედავად, ამ პერსონაჟად ყოფნა არ მოესურვებინოს. 

მხიარული, კეთილი, მეგობრული, მიამიტი გოგონა, რომელიც წვიმაზე ისეა შეყვარებული, სულ არ ადარდებს ფეხსაცმლის ჭყაპა-ჭყუპი, რომლისთვისაც მნიშვნელობა არ აქვს ბალიშზე თავს დადებს თუ ფეხებს შემოაწყობს, ღამე თუ მოუნდება, თავზე ქილის ჩამოცმაც მისთვის მარტივი ამბავია...  ტირილი? რატომ უნდა იტიროს და ცხვირი აქსუტუნოს, მეტი საქმე არ აქვს? თქვენ მოგირწყავთ წვიმაში ყვავილები ან დაგიხატავთ იატაკზე გაწოლილს ცხენი, რომლის კუდიც დერეფანს სწვდება?“,- გვეუბნება საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარი თაბაგარი, რომელმაც მწერლის დაბადების დღე მე-2 კლასელებთან ერთად საინტერესო აქტივობებით აღნიშნა. 

„ჩვენ საკმაოდ გაგვამხიარულა პეპიკოს ამ სამხატვრო შესაძლებლობებმა და მისივე მეგობარი ცხენიც დავხატეთ; წიგნიდან ამონარიდებიც წავიკითხეთ; „პეპი მიდის სკოლაში“ კიდევ ერთხელ გავიხსენეთ; 

სახურავის ბინადარი კარლსონისა და ბიჭუნას მეგობრობაზეც ვისაუბრეთ და მათ, ვისაც ჯერ ეს ნაწარმოები არ ჰქონდათ წაკითხული, დიდი ინტერესიც გავუჩინეთ. 

ყველაზე მთავარი, თვითონ მწერლის, ასტრიდ ლინდგრენის სამწერლო მოღვაწეობაც კი მეტად მნიშვნელოვანი და საინტერესო აღმოჩნდა ჩვენი პატარა მკითხველისათვის. რომ გაიგეს, ასტრიდი ზღაპრებს საკუთარი შვილისთვისაც თხზავდა და შემდგომში ამ ზღაპრებს ერთად მოუყარა თავიო, გაიხარეს, უკვე მათთვის ნაცნობი ნაწარმოები, ჯანი როდარის „ტელეფონით მოყოლილი ზღაპრები“ გაიხსენეს.

ფაქტობრივად, ოქროსფერ ნაწნავებიანი, ჭორფლიანი  პეპილოტა დელიკატესა ჟალუზინა რუკოლპიტნა გრძელიწინდა დღეს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური  სკოლის სტუმარი იყო. მართალია, ცხენით არ მოსულა, თუმცა ბატონი ნილსონი გვერდით ჰყავდა და ტომი და ანიკაც მხიარულად შეეგებნენ მას.

„როდესაც გული ცხელია და ძლიერ ძგერს, გაყინვა შეუძლებელია“. წიგნის სიყვარულმა კი განსაკუთრებული სითბო იცის. გულის ძგერა კი მეორეკლასელების უნდა გენახათ...მე კი ასე დავასრულებ:

„მარცვალ-მარცვალ, ჯადო-მადო, 

არ მინდა, რომ გავისარდო!“,- აღნიშნავს პედაგოგი. 



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203