ილია ქვარცხავას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ გაღმა საჯიჯაოს საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას. ამას ადასტურებს ის აქტივობები, რომლებიც სკოლაში იმართება.
ამჯერად, სკოლაში ულამაზესი საშემოდგომო ღონისძიება „ვემშვიდობებით ოქროსფერ შემოდგომას“ ჩატარდა.
ღონისძიებაზე მოსწავლეები საინტერესო აქტივობებით წარდგნენ – იმღერეს, გამოცანები თქვეს და იცეკვეს.
„ჩვენი შემოდგომის ღონისძიებაზე ნამდვილი ზღაპრული სანახაობა ვიხილეთ – სცენაზე ფრთებიანი ფერიები გამოჩნდნენ“, - გვიყვებიან სკოლაში.
მოსწავლეებმა ულამაზესი წარმოდგენა მოაწყვეს, სადაც როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ფერების პალიტრით დამშვენებული ფერიები ცეკვავდნენ და შემოდგომას ემშვიდობებოდნენ.
„მათი ფრთების ნაზი ფრიალი ყველას შემოდგომის ჯადოსნურ განწყობას გადასცემდა.
მუსიკის რიტმზე მოცეკვავე ფერიებმა თითქოს შემოდგომის სიო გააცოცხლეს. მათი ცეკვა სცენას ფერადი სამყაროს ნაწილად აქცევდა და მაყურებლებს საოცარ შთაბეჭდილებებს უტოვებდა“, - აღნიშნავენ სკოლაში.
მოსწავლეებმა აღნიშნულ დღეს შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.
ღონისძიების დასასრულს კი, ტრადიციული კერძები დააგემოვნეს, რომლებიც მათი კუთხისთვისაა დამახასიათებელი.
„ასეთი ღონისძიებები არა მხოლოდ მხიარულებას გვიქმნის, არამედ გვახსენებს, რომ პატივი ვცეთ და დავაფასოთ ბუნების თითოეული სეზონი. დიდი მადლობა ჩვენს მშობლებს, მასწავლებლებს და ნორჩ ფერიებს, რომლებმაც ეს ზღაპრული წუთები გვაჩუქეს!
ასეთი ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია როგორც სკოლისთვის, ისე ბავშვებისთვის. ისინი ხელს უწყობს მოსწავლეებში ტრადიციების ღირებულების გაძლიერებას, მეგობრობას და გუნდურ სულისკვეთებას. სკოლის ცხოვრებას კი სიხალისესა და სიახლეს მატებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
სასკოლო საზოგადოება ღონისძიების მონაწილეებსა და ხელმძღვანელებს მადლობას უხდის.
„დიდი მადლობა ყველა მშობელს, მასწავლებელს და, რა თქმა უნდა, ჩვენს საოცარ ბავშვებს, რომლებმაც ეს დღე დაუვიწყარი გახადეს!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: