8 ნოემბერი დიდი ქართველი მწერლის, პუბლიცისტის, საზოგადო მოღვაწისა და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის - ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეა.
აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, ბაღდათის N1 საჯარო სკოლაში მწერლის საიუბილეო კვირეული გამოცხადდა, რომლის ფარგლებშიც დაიგეგმა საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობები.
კვირეული 4 ნოემბერს გაიხსნა პრეზენტაციით, რომლის თემაც ილია ჭავჭავაძის ცხოვრება და მოღვაწეობა გახლდათ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პრეზენტაციის ფარგლებში მოსწავლე-მასწავლებლებმა გააცოცხლეს დიდი მწერლისა და პუბლიცისტის ბიოგრაფიული სურათი დაბადებიდან გარდაცვალებამდე.
ასევე მწერლის ცხოვრებიდან გაიხსენეს ისეთი მნიშვნელოვანი ეტაპები, როგორებიცაა - ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის როლი და მნიშვნელობა იმდროინდელ საზოგადოებაში, თაობათა შორის ბრძოლა, ენის რეფორმა, წერა-კითხვის საზოგადოების დაარსება, სათავადაზნაურო ბანკის დაარსება, პუბლიცისტური მოღვაწეობა, ხალხური სიტყვიერების შეგროვებისა და ჩაწერის საქმეში ილიას აქტიური როლი და ა. შ.
5-6-7 ნოემბერს კი ილია ჭავჭავაძის მოთხრობების მიხედვით შექმნილი მხატვრული ფილმების ჩვენება მოეწყო. მოსწავლეებს წარედგინათ შემდეგი ფილმები: 1. „ოთარაანთ ქვრივი“; 2. „კაცია-ადამიანი“; 3. „გლახის ნაამბობი“.
ფილმების ჩვენებამდე მოსწავლეებს პედაგოგებმა მიაწოდეს ინფორმაცია ნაწარმოებებში წამოჭრილი პრობლემებისა და მათ მიმართ ილიას დამოკიდებულების შესახებ.
„ვისაუბრეთ ფილმების შექმნის ისტორიაზე, ეროვნულ პრობლემატიკასა და იმდროინდელი სოციალური უთანასწორობის შესახებ.
8 ნოემბერს მოსწავლეებს შევთავაზეთ ოთარ აბაშიძის სახელობის ხარაგაულის სახალხო თეატრის მიერ დადგმული სპექტაკლი - „მარად უკვდავი თანმდევი სული“, რომლის რეჟისორიც გახლავთ ირინე ჩხეიძე. სპექტაკლმა სრულად წარმოაჩინა ილიას შემოქმედების არსებითი ასპექტები. მოსწავლეებისათვის უფრო თვალსაჩინო გახდა ილიას როლი და მისია ქართველი ერის ისტორიაში“,- გვიყვებიან სკოლაში და ღონისძიებებში მოსწავლეთა აქტიური ჩართულობა ახარებთ.