ბაღდათის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შთამბეჭდავი ლიტერატურული გასვლითი ღონისძიება მოაწყვეს.
ღონისძიებამ, რომელიც ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმის მცირე დარბაზში გაიმართა, საოცარი ემოცია გამოიწვია.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა ძალიან კრეატიულად და საინტერესოდ წარმოადგინეს სულხან-საბა ორბელიანის იგავი „სოფლის მაშენებელნი“. ისაუბრეს ქართველი მეიგავის უდიდეს ღვაწლსა და მნიშვნელობაზე, იგავური სიბრძნის როლსა და დანიშნულებაზე იმდროინდელ საზოგადოებაში.
თემის ირგვლივ გაერთიანდნენ ქართული ლიტერატურის, მუსიკისა და ხელოვნების მასწავლებლები. იდეა ეკუთვნოდა ნუკრი კარკაძეს.
„ალბათ, ბევრისთვის ცნობილია, რომ სულხან-საბას იგავის მიხედვით კომპოზიტორმა - ნოდარ გაბუნიამ შექმნა მუსიკალური იგავი „სოფლის მაშენებელნი“, რომელშიც მთავარ პარტიებს ასრულებენ ისეთი ბუმბერაზი, საყოველთაოდ აღიარებული ადამიანები, როგორებიც იყვნენ ანზორ ერქომაიშვილი და გომარ სიხარულიძე. ბავშვებისათვის დაუჯერებელი და უცნაური იყო ის ფაქტი, რომ სწორედ ასეთი ადამიანების გვერდით ბაღდათის უსაყვარლესმა მომღერალმა - ნოდარ ფულარიანმა შეასრულა მუსიკალური იგავის ურთულესი, მელას პარტია. ნიშანდობლივი და საამაყოა ის ფაქტი, რომ ამ კონკრეტულ მუსიკალურ იგავს იცავს იუნესკო.
მოსწავლეებმა საინტერესოდ და დამაჯერებლად ისაუბრეს ლიტერატურული იგავის სიუჟეტსა და მთავარ სათქმელზე, ასევე სიღრმისეულად მიმოიხილეს მუსიკალური იგავის სპეციფიკა და ხასიათი“,- გვეუნბენიან სკოლაში.
ღონისძიების მზადების პროცესში VII კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს და ჩაწერეს ინტერვიუ ბაღდათის კოლორიტ მუსიკოს ნოდარ ფულარიანთან. მათ მოიპოვეს ექსკლუზივი - მუსიკოსმა მელას პარტიას ფრაზები უმღერა ბავშვებს. ეს, მართლაც, უნიკალური შესრულება იყო, რომელიც აუცილებლად დაამშვენებს სკოლის ოქროს ფონდს.
სკოლაში ახარებთ, რომ ინტერვიუ ძალიან ემოციური, შთამბეჭდავი და საინტერესო იყო.
ასევე, IV კლასის მოსწავლე ანდრია გოგსაძემ გამოძერწა იგავის პერსონაჟების ფიგურები ( ძაღლი, მელა და მამალი). სკოლის cinedoc კლუბის წევრებმა - ანანო გელხვიიძემ და მარიამ სახამბერიძემ კი, სპეციალური პროგრამის საშუალებით, აამოძრავეს და შექმნეს ანიმაცია, რაც ნამდვილად წარმოადგენს ინოვაციას.
შეხვედრას გულთბილი მასპინძლობა გაუწია ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმის ხელმძღვანელმა მარინე სულაქველიძემ, რისთვისაც მას სკოლაში უდიდეს მადლობას უხდიან.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ბაღდათის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ნინო ფართლაძე და VII კლასის ხელმძღვანელი თინათინ გულეიშვილი.
ღონისძიების ხელმძღვანელობდნენ: მუსიკის პედაგოგი ნუკრი კარკაძე, ქართული ლიტერატურის პედაგოგი ეკა ნერგაძე და ხელოვნებისა და ესთეტიკის პედაგოგი ნინო ზირაქაძე.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიება მეტად წარმატებული და შთამბეჭდავი აღმოჩნდა.
„ჩვენი ღონისძიება დასახელდა წლის საუკეთესო სასწავლო ინტეგრირებულ აქტივობად, რამაც ძალიან გაგვახარა და ახალი იმედები და მოლოდინები დაგვისახა“,- გვეუბნება ღონისძიების ხელმძღვანელი და ახარებთ მოსწავლეთა აქტიურობა და შემოქმედებითობა.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: