მოსწავლეებს ერთმანეთისგან განსხვავებული ინტერესები და მიზნები აქვთ. მასწავლებლებიც ხშირად აღნიშნავენ, რომ ისინი ყველა საგანს თანაბარი მონდომებით არ სწავლობენ ხოლმე და მიღწევებიც შესაბამისი აქვთ.
ჩვენ სხვადასხვა სკოლის ხელმძღვანელს დავუკავშირდით და ვკითხეთ - რომელ საგანში აქვთ მათ მოსწავლეებს უფრო მეტი მიღწევა და რა განაპირობებს ამას. შეიძლება ითქვას, რომ მათი მოსაზრებები ერთმანეთს დაემთხვა.
etaloni.ge-სთან, დირექტორების ნაწილმა აღნიშნა, რომ მოსწავლეები უფრო მეტი მონდომებით იმ საგნებს სწავლობენ, რომლებიც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უნდა ჩააბარონ. მათ ერთგვარი გამოსავლის გზაც შემოგვთავაზეს. ერთ-ერთი სკოლის დირექტორის აზრით, თუ სკოლაში გამოცდები ყველა საგანში ჩატარდებოდა, მაშინ მოსწავლეები თითოეულ მათგანს, მეტ-ნაკლებად. თანაბარი მონდომებით ისწავლიდნენ.
თამილა შულაია, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლედგებეს საჯარო სკოლის დირექტორი:
ძირითადად, ყველასთვის პრიორიტეტი მაინც საგამოცდო საგნებია. მოსწავლეები ორმაგად ცდილობენ, რომ ეს საგნები კარგად ისწავლონ. აღსანიშნავია, რომ ისინი სასკოლო სივრცის მიღმაც მეცადინეობენ. ჩვენი სკოლა მცირეკონტინგენტიანია, თუმცა დაკვირვებით შემიძლია ვთქვა, რომ საგამოცდო საგნებზე არიან ორიენტირებულები. კონკრეტულად, ეს საგნები არის ქართული, მათემატიკა, ისტორია და უცხო ენა. ყურადღება ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელ საგნებს უფრო მეტად ექცევა. კარგი იქნებოდა, რომ გამოცდები სკოლაში ყველა საგანში ყოფილიყო, მაშინ შეიძლება ყველა თანაბრად და უფრო დიდი მონდომებით ესწავლათ.
ენისე აბაშიძე, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ სკვანის საჯარო სკოლის დირექტორი:
ჩვენი სკოლა ძალიან მცირეკონტინგენტიანია, თუმცა მოსწავლეები აქტიურები არიან. ერთი მეთერთმეტეკლასელი მყავს, რომელიც ვფიქრობ, რომ სკოლას მედალზე დაამთავრებს. ზოგადად, მოსწავლეები დიდი მონდომებით სწავლობენ უცხო ენას, კონკრეტულად, ინგლისურს. დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს მიდრეკილება, თითქოს, უფრო მეტად მათემატიკისკენ აქვთ.
სოსო წულაია, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ხუნწის საჯარო სკოლის დირექტორი:
ჩვენს მოსწავლეებს ინტერესი სხვადასხვა საგნების მიმართ აქვთ. მაგალითად, ზოგიერთს ძალიან უყვარს ხატვა და ამ მიმართულებით აქვს მიღწევები. ეს იმის გამო, რომ კონკრეტული დისციპლინა აინტერესებთ. უნდა აღვნიშნო, რომ სკოლაში ყველა პირობა გვაქვს შექმნილი იმისთვის, რომ მოსწავლეები განვითარდნენ. ბავშვებს ჰუმანიტარული საგნების მიმართაც მაღალი ინტერესი აქვთ. ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია მასწავლებლის როლიც. ჩვენ, ჯერჯერობით, სხვა სკოლის ბაზაზე ვართ. ჩვენი სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები ძალიან მოტივირებულები და აქტიურები არიან.
მაია ფრიდონიშვილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმის საჯარო სკოლის დირექტორი:
უფროსკლასელები უფრო მეტად, ალბათ, იმ საგნებს სწავლობენ, რომლებიც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უნდა ჩააბარონ. ზოგადად კი, ასე ვერც ერთ საგანს გამოვყოფდი. ვფიქრობ, ყველაფერს თანაბრად სწავლობენ. მოსწავლეების წარმატებაში მასწავლებლებს დიდი წვლილი მიუძღვით. გაკვეთილების გარდა, სკოლაში არაფორმალური განათლების მიმართულებით, პროექტები და ღონისძიებები ტარდება, რომლებშიც მოსწავლეები მონდომებით ერთვებიან.
მანანა შავდია, ნოშრევან ჯიშკარიანის სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლის დირექტორი:
ჩვენს მოსწავლეებს, თითქმის, ყველა საგანში თანაბარი მიღწევები აქვთ. ზოგი მათემატიკურ საგნებში უფრო ძლიერია, ზოგი ჰუმანიტარულში. წარმატებული ბავშვები ორივე მიმართულებით გვყავს. ალბათ, მოსწავლეების დაინტერესება და ჩართულობა, მათი სამომავლო გეგმებითაა განპირობებული და იმით, თუ სწავლის გაგრძელება რა მიმართულებით სურთ. ჰუმანიტარული საგნებიდან, მაგალითად, ქართული ყველამ უნდა იცოდეს, სახელმწიფო ენაა და ამას მონდომებით სწავლობენ. ზოგადად, რა თქმა უნდა, მოსწავლის შედეგი მასწავლებლის დამსახურებაა.
რომან საგინაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანიაკეთის საჯარო სკოლის დირექტორი:
ვფიქრობ, ალბათ, იმ საგნებში უფრო აქვთ მიღწევები და უფრო მეტი მონდომებით სწავლობენ, რომლებიც ეროვნულ გამოცდებზე უნდა ჩააბარონ. ესენია მათემატიკა, ქართული ენა და ინგლისური. ზოგადად, მოსწავლეების წარმატებაში პედაგოგების როლი ძალიან დიდია. აღსანიშნავია, რომ ჩვენთან პროფესიონალი მასწავლებლები მუშაობენ, რომლებიც ზრუნავენ, რომ მოსწავლეებმა თითოეულ საგანში მაქსიმალურს მიაღწიონ. ჩვენი სკოლა მცირეკონტინგენტიანია, კლასებში ძალიან ცოტა მოსწავლეა, მიუხედავად, ამისა მაინც აქტიურობენ და სკოლაში სხვადასხვა ღონისძიება ეწყობა.
მარიამ რობაქიძე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრაწყაროს საჯარო სკოლის დირექტორი:
ვფიქრობ, მოსწავლეებს, ამ ეტაპზე, უფრო მეტად, ჰუმანიტარულ საგნებში აქვთ მიღწევები. ასე გადაჭრით ვერ გეტყვით ამის მიზეზი რა არის. ალბათ, დაინტერესება და პედაგოგების მიდგომაც. ისიც მართალია, რომ უფროსკლასელები უფრო მეტი მონდომებით იმ საგნებს სწავლობენ, რომლებიც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უნდა ჩააბარონ. ზოგადად, უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან აქტიური სასკოლო საზოგადოება მყავს. მოსწავლე-მასწავლებლები ყველა შესაბამის აქტივობასა თუ ღონისძიებაში ერთვებიან.
ვაჟა ბუიღლიშვილი, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახშირღელის საჯარო სკოლის დირექტორი:
ჩვენს მოსწავლეებს ძალიან კარგი შედეგები აქვთ ინგლისურ ენაში, ქართულში და ისტორიაში. ასეთ მაღალ ინტერესს, პირველ რიგში, მასწავლებლების პროფესიონალიზმი განაპირობებს. აქვე აღვნიშნავ, რომ პროფესიონალიზმი ჩემი სკოლის არც ერთ მასწავლებელს არ აკლია. პედაგოგისთვის მნიშვნელოვანია კომუნიკაციის უნარი, მოსწავლეებისადმი მიდგომა. გარდა ამისა, ზემოთ დასახელებული საგნები უფრო მოთხოვნადია. როგორც ყველა სკოლის მოსწავლეები, ჩვენი ბავშვებიც სხვადასხვა ღონისძიებაში აქტიურად ერთვებიან. კურსდამთავრებულები ერთიან ეროვნულ გამოცდებსაც წარმატებით აბარებენ. ჩვენს სკოლაში, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფლების სკოლებს შორის, ყველაზე მეტი - 231 მოსწავლე სწავლობს. გადინებაც არ გვაქვს, პირიქით, ვინც წავიდა, ისევ უკან დაბრუნდა.
ოლეგ გულორდავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:
მოსწავლეებს სხვადასხვა ინტერესი აქვთ. შესაბამისად, სურათიც ასეთია, რომ ზოგიერთს ხელოვნებაში აქვს მიღწევები, ზოგს ქართულში და ა.შ. ზოგადად, უფრო მეტი მიღწევა, ალბათ, მაინც მათემატიკაში, ქართულში, ისტორიაში და უცხო ენაში აქვთ. ამას მასწავლებლების დამოკიდებულება და საგნისადმი სიყვარული განაპირობებს. პედაგოგის როლიც ძალიან დიდია, მათ შეუძლიათ მოსწავლეებს საგანი შეაყვარონ. ზოგადად, ძალიან აქტიური მოსწავლეები გვყავს, სხვადასხვა აქტივობაში და ღონისძიებაში ერთვებიან. ასევე, სკოლაში პროექტები სხვადასხვა მიმართულებით ხორციელდება და დაინტერესებაც მაღალია.
ლაშა ბოლქვაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნატანების საჯარო სკოლის დირექტორი:
განსაკუთრებით, ვერც ერთ საგანს გამოვყოფდი, რადგან ზოგადად, მოსწავლეთა ინტერესი მრავალფეროვანია. ჩვენც ვცდილობთ, რომ მათ ინტერესებს ვუპასუხოთ და განმავითარებელი სასწავლო გარემო შევთავაზოთ. ვფიქრობ, რომ ისინი ყველა საგანს სათანადო ყურადღებას აქცევენ. მათ მიღწევებში, შესაძლებლობების გამოვლენასა და ცოდნის გაღრმავებაში მასწავლებლებს უდიდესი წვლილი მიუძღვით. ჩვენი სკოლა მცირეკონტინგენტიანია, თუმცა ეს მოსწავლეებს ხელს არ უშლით - ისინი ძალიან აქტიურები არიან და გარკვეულ წარმატებებსაც აღწევენ.