შულავერის N1 სკოლაში გამართულ საქველმოქმედო ფესტივალს მარადისის, ხიხანისა და მარნეულის N3 საჯარო სკოლების მოსწავლე-მასწავლებლები შეუერთდნენ
19-11-2024

რომან ზოიძის სახელობის მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

ამჯერად, სკოლის სამოქალაქო კლუბ „თემიდასა“ და მოსწავლეთა თვითმმართველობის  წევრთა ინიციატივით, სკოლის ეზოში საქველმოქმედო ფესტივალი - „ადამიანი ადამიანისთვის მზეა“ ჩატარდა. 

მასში მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისის, ხიხანის, მარნეულის N3 საჯარო სკოლები და სტუდია „ჰობი ჰაუსი“ მონაწილეობდა. ფესტივალს ესწრებოდა მარნეულის დემოკრატიული ცენტრის ხელმძღვანელი, მარიამ სამხარაძე.

ფესტივალის ფარგლებში, მუსიკალური ნომრები გაიმართა, რომლებშიც მონაწილეობა სტუმრებსაც შეეძლოთ. 

ჩატარდა შეჯიბრება მაგიდის ჩოგბურთში, სადაც უფროსი თაობის ადამიანები ახალგაზრდებს ტოლს არ უდებდნენ. გარდა ამისა, შეჯიბრება ფრენბურთში და სპორტულ-გასართობი ღონისძიება - „მხიარული სტარტები“ გაიმართა. ამან მოსწავლეები კიდევ უფრო გაამხიარულა.

ადგილზე ჩურჩხელების ამოვლების მასტერკლასიც გაიმართა, რომელშიც სტუმრებიც და მასპინძლებიც მონდომებით ჩაერთნენ. 

ღონისძიების შედეგად, 955 ლარი შეგროვდა, რაც სოციალურად დაუცველ 2 ოჯახს გადაეცა.

„წლევანდელ ფესტივალზე ყველაზე მაღალი ჩართულობა იყო მოსწავლეთა მხრიდან და მე-5 კლასიდან დაწყებული, ყველა კლასი მონაწილეობდა მასში. ჩართულები იყვნენ სკოლის დირექტორი და მასწავლებელთა ნაწილი. აქტიურად იყვნენ ჩართულნი მშობლები, მათ თან მოიტანეს სხვადასხვა ნუგბარი და თან გაყიდეს. 

პარალელურად, გვქონდა გზავნილებიც. სულ შემოვიდა 955 ლარი და გადავეცით 2 შშმ ბავშვის სოციალურად დაუცველ ოჯახს“,- ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...