„შემოდგომის ფერებმა“ კიდევ ერთი დღე გაგვილამაზა“ - დამიის საჯარო სკოლის მოსწავლეთა შემეცნებითი თავგადასავალი
20-11-2024

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგებთან და მშობლებთან ერთად ზარგალი და შემოდგომის ტყე დალაშქრეს.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, დორექცია და პედაგოგები ყოველთვის ზრუნავენ, რომ მოსწავლეთათვის სასწავლო პროცესი და სასკოლო ცხოვრება საინტერესო და მრავალფეროვანი იყოს. 

ამჯერად, ჯანმრთელი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და ხელშეწყობის მიზნით, IV-XII კლასების მოსწავლეები პედაგოგებისა და მშობლების თანხლებით ლაშქრობაზე იყვნენ.

სკოლაში ლაშქრობით მიღებულ შთაბეჭდილებებს გვიზიარებენ:

„ისტორიული ძეგლის, მცირე გრიგორიანული ეკლესიის სანახავად, მოლაშქრეებმა გზად ულამაზესი შემოდგომის ტყე გაიარეს. ფერთა სიჭრელე საოცარ სანახაობას ქმნიდა. ეკლესია, დამიელების თქმით, მე-13 საუკუნის უნდა იყოს. ტაძარს ქვაზე ამოკვეთილი წარწერა ამშვენებს, რომელიც ასევე დამიელთა გადმოცემით, ძველი სომხური ანბანითაა შესრულებული და ენის მცოდნეთთვის თავისუფლად იკითხება. აქა-იქ ძველი საფლავის ქვებიც მოსჩანდა. ნასოფლარს ზარგალი ჰქვია. დამიელები აქედან ჩამოსულან იმ ტერიტორიაზე,სადაც ახლა მკვიდრობენ. გზად მოლაშქრეებმა შეისვენეს, ცეცხლი დაანთეს, დაპურდნენ, ითამაშეს და მხიარულთა და საზრიანთა შეჯიბრებებიც მოაწყვეს!,- გვიყვებიან სკოლაში. 

დღემ სასიამოვნოდ ჩაიარა. ლაშქრობით მიღებული შთაბეჭდილებები კი მოსწავლეებმა უკვე თავის ნახატებში ასახეს.                                                                                                         

ფერადი ფანქრებით, ფლომასტერებით, გუაშისა და აკრილის საღებავებით ცდილობდნენ საკუთარი ემოციების ქაღალდზე გადმოტანას. მოსწავლეთა ნამუშევრები ახლა სკოლის კედლებს დაამშვენებენ. 

„შემოდგომის ფერებმა“ კიდევ ერთი დღე გაგვილამაზა“,- დასძენენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203