კერძო სკოლა „ანაბასისი“ მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას სთავაზობს, რაც მათი მომავალი წარმატების წინაპირობაა.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, გამორჩეულ და საინტერესო აქტივობებს ახორციელებენ.
„ეს იყო ბრძოლა გადარჩენისათვის, სადაც ყველა დღე იყო ახალი გამოწვევა. ჩვენ ბუნების ლაბირინთში დაკარგული ვიყავით, სადაც უნდა გვეპოვა საჭმელი და თავშესაფარი“,- ეს გახლავთ ამონარიდი „პირველყოფილის დღიურიდან“, რომელიც VIIა და VIIბ კლასის მოსწავლეებმა შეასრულეს.
მოსწავლეებმა კაცობრიობის განვითარების უძველესი პერიოდი - ქვის ხანა კომპლექსური დავალების პროდუქტის პრეზენტაციით შეაჯამეს. მათი ხელმძღვანელი მასწავლებელი ნინო როინიშვილია. მოსწავლეებმა ნამუშევარში შემოქმედებითად და საინტერესოდ წარმოაჩინეს პირველყოფილი საზოგადოების ყოფა-ცხოვრება ქვის ხანაში.
აღსანიშნავია, რომ მათ ეტაპობრივად შეისწავლეს ძველი, შუა და ახალი ქვის ხანა. გაეცნენ იმ ეპოქის არტეფაქტებს, დაათვალიერეს საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანძური. მიღებული ცოდნა პირად ცხოვრებას დაუკავშირეს და პირველ პირში, ქრონოლოგიური თანმიმდევრობით გადმოსცეს ქვის ხანის თითოეული პერიოდის სიახლეები.
საკუთარ ნამუშევარზე თავად მოსწავლეები საუბრობენ:
„ჩვენ ვიმუშავეთ პირველყოფილის დღიურზე, რაც ძალზე საინტერესო იყო. ამ პრაქტიკულმა სამუშაომ ბევრი ცოდნა მოგვცა, დღიურის შექმნით გაგვიმარტივდა თემის შესწავლა. ბევრი ახალი ინფორმაცია შევიტყვეთ პირველყოფილებზე. ასევე, ვიზრუნეთ ნამუშევრის ვიზუალურ მხარეზე და შევეცადეთ გაგვეფორმებინა სხვადასხვა ხერხით, ჩავხატეთ პირველყოფილთა ხელოვნების ნიმუშები, მღვიმეების კედლებზე რომ ასრულებდნენ. დავამზადეთ სხვადასხვა დანიშნულების ძველი ნივთები. ვფიქრობთ, მსგავსი დავალებები ბევრ ცოდნას აძლევს მოსწავლეებს და სწავლის პროცესსაც უფრო საინტერესოს ხდის“,- აღნიშნავენ მოსწავლეები.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, კომპლექსური დავალების შესრულებისას მოსწავლეებს შემდეგი უნარები განუვითარდათ:
1. კრეატიულობა და წარმოსახვის უნარი, ისტორიების შექმნისა და პირველყოფილი ადამიანის ყოველდღიურობის წარმოდგენისას მოსწავლეებს განუვითარდათ ფანტაზია, როგორი შეიძლება ყოფილიყო მათი ცხოვრება;
2. კვლევითი უნარები, მოიძიეს ისტორიული და არქეოლოგიური ინფორმაციები, როგორ ცხოვრობდნენ პირველყოფილი ადამიანები;
3. წერისა და სტრუქტურული აზროვნების განვითარება. დღიურის ფორმატში წერა მოითხოვს ტექსტის დალაგებულად და ლოგიკურად ჩამოყალიბებას;
4. ემპათია და რეფლექსია. მოსწავლეები ცდილობენ წარმოიდგინონ, რას გრძნობდნენ და როგორ მოქმედებდნენ პირველყოფილი ადამიანები;
5. ისტორიული და კულტურული ცნობიერების გაღრმავება. მოსწავლეებმა შეიძინეს ცოდნა ადამიანთა განვითარების ეტაპებისა და ისტორიის მნიშვნელობის შესახებ.
„ასეთი აქტივობები გარდა ცოდნის მიღებისა, ხელს უწყობს პრაქტიკული უნარების ჩამოყალიბებას და სწავლის პროცესს უფრო საინტერესოს და სახალისოს ხდის“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: