მარლენ ბარამიას სახელობის ქალაქ სამტრედიის N6 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო, მოსწავლეთა განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობებითაა გაჯერებული.
ამჯერად, იქ მარლენ ბარამიას სახელობის კვირეული გაიმართა. ის გარემოზე ზრუნვით დაიწყო. სკოლის ეკოკლუბის ინიციატივით, სკოლა კომპანია „ტენეს“ პარტნიორი გახდა. შესაბამისად, სკოლის ტერიტორიაზე ურნა განთავსდა, რომლის საშუალებითაც პლასტმასი შეგროვდება. გაიმართა აქტივობა, რომლის ფარგლებშიც, მოსწავლეები შეთანხმდნენ, რომ გარემოს, დედამიწისა და შესაბამისად, მომავლის დამცველები იქნებიან. პლასტმასას შეგროვებასთან ერთად, სკოლის დირექტორის - ლელა თევზაძის ხელმძღვანელობით, მიმდინარეობს პროექტი - „გაყავი და გაამრავლე", რაც მცენარეთა ნერგების გაყოფასა და სკოლის ტერიტორიაზე მათ გამრავლებას გულისხმობს. პროექტის ფარგლებში, სასკოლო საზოგადოების ჩართულობით, სკოლის ეზოში ნერგების დარგვაც დაიწყო.
მარლენ ბარამიას სახელობის კვირეულის ფარგლებში, ინტელექტუალური თამაშის - „რა,სად როდის?" პირველი შეხვედრა გაიმართა. ინტელექტუალთა შერკინება საინტერესოდ წარიმართა. განსაკუთრებით ემოციური კაპიტნების კონკურსი და საბოლოო შედეგები აღმოჩნდა მოაზროვნეებისთვის.
„წარმატებებს და საინტერესო ასპერეზობას ვუსურვებთ გუნდებს მომდევნო ეტაპზე. ჩვენ გვჯერა თქვენი შესაძლებლობების“,- წერს ინტელექტუალური თამაშების ხელმძღვანელი ეკა შენგელია.
აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოებამ მარლენ ბარამიას ხსოვნას მის დაბადების დღეზე პატივი მიაგო. როგორც სკოლაში გვიყვებიან, გულწრფელი სიტყვები სადღეგრძელოდ მოსწავლე დემეტრე დვალიშვილმა აქცია. მან თქვა: „თუკი ვინმემ საქართველოს დიდება დღემდე მოიტანა, ეს მარლენ ბარამიასთანა გმირებია! მათ სახელებს დავიწყება არ უწერია“.
ასევე, ამავე კვირეულის ფარგლებში, შემოდგომის ღონისძიება გაიმართა. დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა, მშობელთა ჩართულობით, სხვადასხვა აქტივობა შეასრულეს. მათ სამშობლოს უმღერეს და ჩვენი ქვეყნის გმირის სახელი კვლავაც ააჟღერეს.
კვირეულს ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრაზე არსებული წრე - „დიდოსტატები" გამოეხმაურა. მოსწავლეებმა უყურეს ფილმს - „ჯარისკაცის მამა“. ისინი ფილმის რეჟისორის, სცენარის ავტორისა და მთავარი პერსონაჟის შესახებ ინფორმაციას გაეცნენ. მოსწავლეებმა გენიალური ფილმის სცენარისტის მოგონებები მარლენ ბარამიას მამის მოგონებებს დაუკავშირეს.
„განსაკუთრებული ემოცია ომში შვილის საძებრად წასული მამის კადრებში, სისასტიკის, ტკივილისა და სიამაყის განცდათა მონაცვლეობამ გამოიწვია. მოსწავლეებმა შექმნეს პორტრეტები გმირის თემატიკაზე, დაფიქრდნენ და გაიაზრეს გმირი შვილების აღმზრდელი მამებისა და ოჯახების ხვედრი ჩვენს ქვეყანაში. დიდი მადლობა თითოეულ მონაწილეს აქტიურობისთვის“,- წერს წრე „დიდოსტატების“ ხელმძღვანელი - ივეტა დეისაძე.
კვირეულის ფარგლებში, ისტორიის წრე „კლიოს“ ორგანიზებით, შეხვედრა შინდისის გმირების სახელის უკვდავსაყოფად გაიმართა. როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწაავლებმა ისაუბრეს, რამდენად მნიშვნელოვანია მომავალ თაობებს შევუნახოთ და გადავცეთ ცნობები ჩვენი დროის გმირებზე, რათა მათი კვალი, სამშობლოსთვის თავდადება იყოს მაგალითი მომავალი თაობებისთვის.
„მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს საქართველოს განვლილი გზა და ამ გზის კვალდაკვალ ისაუბრეს სამშობლოს ღირებულებაზე, ჩვენი ქვეყნის უძველეს და ამასთანავე, უნიკალურ საგანძურზე. აღნიშნული თემის ფარგლებში, მოსწავლეები ესტუმრნენ უძველესი კულტურის ცენტრს და მოინახულეს ვანის არქეოლოგიური მუზეუმი. აქ სტუმრობა კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ვართ უძველესი ტრადიციებისა და კულტურის, ძვირფასი განძის მფლობელი ქვეყანა, რომელსაც მოფრთხილება და დაცვა სჭირდება. ქართული კულტურის, მეღვინეობის განვითარების კიდევ ერთ ცენტრს, გია მხეიძის მარანსაც ვესტუმრეთ. მადლობა გულითადი მასპინძლობისთვის მხეეიძეების ოჯახს“,- წერს ისტორიის წრის „კლიოს“ ხელმძღვანელი - ნინო ჭვალაძე.
კვირეულს სპორტისა და ესთეტიკის, უცხოური ენების კათედრა გამოეხმაურა. გაიმართა შიდასასკოლო სპორტული ტურნირი მაგიდის ჩოგბურთში. გოგონათა და ვაჟთა შორის, პირველი ადგილის მფლობელი მოსწავლეები დაჯილდოვდნენ მედლებით, ხოლო მონაწილეებს გადაეცა მადლობის სიგელები, აქტიური მონაწილეობისთვის.ასევე, ხელოვნებისა და მუსიკის პედაგოგების ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, ომსა და მშვიდობაზე თემატური გამოფენა მოეწყო.
„მოსწავლეებმა, მუსიკის შთაგონებით, ასფალტზე ხატვით წარმოადგინეს სხვადასხვა ნამუშევარი. უცხო ენის კათედრის ინიციატივით, მოსწავლეებმა რუსულ და ინგლისურ ენაზე მოამზადეს მარლენ ბარამიას ცხოვრებისა და მოღვაწეობის საინფორმაციო ბუკლეტები, ბროშურები. მადლობა თითოეულ კათედრას აქტიური ჩართულობისა და მთელი კვირის განმავლობაში გაწეული შრომისთვის“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეო და ფოტოები: