ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N212 საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვის მნიშვნელობას ნათლად აცნობიერებენ, მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე კი პედაგოგები ზრუნავენ.
„ბუნებრივი გარემო პირობების შენარჩუნება, განახლება და დაცვა ყველა პროგრესული ქვეყნისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა. ახალი ხე ახალი სიცოცხლეა და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომავალი თაობებისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში, სადაც ჯანსაღი გარემოს შექმნის მიზნით და პროექტის - „გავამწვანოთ ჩვენი სკოლის ეზო“ ფარგლებში, მოსწავლეებმა - ნიცა ზარქუამ, მარიამ მინაშვილმა, ნანუკა ლევანიშვილმა, გეგა მეზურნიშვილმა, ლუკა მღებრიშვილმა, ნუცა სპანდერაშვილმა და მარიამ მუმლაძემ გადაწყვიტეს სკოლის ეზოში ახალი ნერგებისა და ხე-მცენარეების დარგვა.
მათ უფროსი კლასის მოსწავლეები დაეხმარნენ და სკოლას რამდენიმე ახალი სიცოცხლე შესძინეს.
„მადლობას ვუხდით, ხათუნა მასწავლებელს და ჩვენს მოსწავლეებს პროექტში მონაწილეობისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა აქტიურობა და პედაგოგის კრეატიულობა.
იხილეთ ფოტოები: