ასლან შაინიძის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველის საჯარო სკოლის პედაგოგი ნინო დოხტურიშვილი თავისი შემოქმედებით ხშირად გვანებივრებს, გვიზიარებს ნოველებს, რომელიც უემოციოდ არავის ტოვებს.
ამჯერადაც, მასწავლებელი თავის მორიგ ნოველას გვიზიარებს სახელწოდებით - „ჯეინახი და ჯილდა“.
ნოველაში მოთხრობილია ჯეინახისა და ჯილდას შესახებ. ჯეინახი ინგუშეთის მიწაზე გაზრდილი ჭაბუკი გახლავთ, რომელსაც თავდავიწყებით შეუყვარდა ქართველი ჯილდა. ქალსაც ძალიან უყვარდა ჭაბუკი, თუმცა ცხოვრებამ ისინი დააშორა. მრავალი წლის შემდგომ კი ისინი ერთმანეთს კვლავ შეხვდებიან. თუმცა, ამჯერად ყველაფერი შეცვლილია...
ნოველას „ჯეინახი და ჯილდა“ უცლელად გთავაზობთ:
ეს ამბავი ყაზბეგის მთებში დაიწყო. იქ, სადაც მზის სხივები ქედს იხრიან, ამაყად აღმართული მთების წინაშე და ღრუბლები ნანასავით დასთამაშებენ თეთრად ამოწვერილ კლდეებს, იქ, სადაც ზვავივით მოწოლილი სულისკვეთებით გმინავს, ანდამატივით თვალისმომჭრელი დედაბუნება. თოვლის სარეცელზე ნაზად ამოსული ყვავილებიც კი საერთო ფერხურში სიყვარულის ენით მეტყველებენ! ეს არის მთის დაუწერელი დინჯი და უტყვი კანონი, ძნელად აღსაღქმელი ადამიანისთვის, უფლისთვის კი სამოთხე!
ჯეიხანი ინგუშეთის მიწაზე გაზრდილი, ჯანღონით სავსე ჭაბუკი გახლდათ, ჯილდას სიყვარულით გულგამთბარი, ხშირად გადმოდიოდა ხოლმე დარიალის ხეობით ყაზბეგის მთებში, ქალიშვილი კი გულისფანცქალით ელოდა, თოვლში ღრმად ჩასულ სატრფოს ნაკვალევს.
დედისერთა იყო ჯეინახი, ლამაზი, მომხიბვლელი, ტანადი თითქოს რაღაცით ჰგავდა კიდეც ქართველს! ხან ამ მთებივით დინჯად აღმართავდა თავს და ხანაც თერგივით მიაგელვებდა კალაპოტის შემოგარენს. თავის ქვეყანაზე უზადოდ შეყვარებული ვაჟკაცი, დაუფიქრებლად ესხმოდა თავს, ქვეყნის ეროვნულობის მომსვრელ ჩინოსნებს. ყველაფერს კი დამანგრეველი შედეგი მოჰყვა, 1944 წელს მთის ფერდობზე გაზრდილი ინგუშები, შუა აზიაში გადაასახლეს. ჯეინახიც ამ დეპორტაციაში მოჰყვა.
- გაიგე?
- მართალია?!
- არა მგონია, მართალი ყოფილიყოს!
რათ ვერ გებულობ ვეჟო, მართალია ეგ ამბავი, კავკასიელები თავიანთ ფუძეს დაუბრუნდნენ, გაიხაროდეს შენ დალოცვილო, რად ჩამაგტირის ეგ გახემებული პირსახე, მოდი დასჯექ ჩემს გვერდით, გიაბნობ ყორიფელს...
ჯილდას თხოვნას უსიტყვოდ დაემორჩილა მოჩიტებული ჭაბუკი, რომელიც გონებით და აღნაგობით, დაღვინებული იერსახით სწონიდა სათქმელს!
ახლა დიდი დრო დაგვიდგა შვილო, ახლა კაცს ვაჟკაცობა და ქალს ქალური კეთილგონიერება მართებს, ჩვენ ვერაის გავხდებით სახლის დიდკაცთან, ამიტომ კეთილ საქმე უნდა ვქნათ..
- რომელ საქმე?
- სახლ-კარი უნდა ჩავაბაროთ..
- ვისა?
- მუხასა..
- რომელ მუხასა დედავ??
- აქ გაზრდილ -დაღვინებულ, უგულოდ მოცელილ მუხასა?
- რომელ მუხასა დედავ?
- ინგუშებსა ბედშავ...
- მენანების ძალიან მენანების!
-ცრემლს არ დავლანდო თვალებსა, ქალაი ხომ არ ხარ ?
- მე რაისთვისღა მიხმე, თუკი გადაწყვეტილი გაქვს ყველაფერი?
- ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ შაკრული, განსჯაც ერთობით გვმართებს!
- კარგი დედავ, იყოს სიმართლე შენი!
- გასწი შინ შაჰკარ გუდანაბადი და დაელოდე მასპინძელსა...
- ყაბულს ვარ დედა!
ნაღვლიანი თვალები შეანათა ონისემ დედას და თან გულს ცეცხლი მოედო, ურცხ გაიფიქრა ჩუმადა...
რაისთვის უნდა მივცე ჩემი კერაი ვიღაც გადასახლებულ ინგუშსა. მე აქ მამასახლის ვარ და მუდამ ასე იქნების, ან რაისთვის მამიყვანა დედამ სხვის ჯალაბობასა, განა სახლ-კარ დამამადლიდნენ, რომ სხვის ჭერქვეშ არ შამყროდა დარდი, ნეტამც ინათებდეს და დამავიწყდებოდეს ეს ნაუბარი, ყველაფერი სიზმარი ყოფილიყოს მეტი არაფერი!
მაგრამ დედაის სიტყვა კანონი იყო და მისი გატეხვა დამანგრეველი, წყევლად ერგების შთამომავლობასა!
ცისფერ ნაბადში გახვეული მთები გულში იკრავდა დაბრუნებულ შვილებს, მზეობდა დედაბუნება და ცრემლებით იოხებდა გულს, მათი გულისტკივლის შემყურე.
ყველა მოსახლე მიწას ჰკოცნიდა და ყვავილებს იკრავდა გულში - როგორც იქნა, მამასწარო ღმერთმა აქ დასაფლავებასა, მეტ არაფერ მინდა - ჯეიხანი იდგა და თვალებით წონიდა ყოველ ამოზრდილ მცენარეს, შეფენილ და მოსიპულ გორებს, რომელსაც მზის სხივი ნელ-ნელა ნაბადით შემოსილ სხეულს უშიშვლებდა!
როგორი უძლური ყოფილხარ ადამიანო უსამართლობის წინაშე, რამდენი გულისტკენის გადატანა გჭირია, რომ საკუთარი მეობა შეინარჩუნო! - „დიდმა ბელადმა ბრძანა“, მაგრამ საკითხავი ის არის გულით გაგვიმეტა კაკავკასიონის მთებში გაზრდილი შვილები, გაყინულ პირუტყვის გადასაყვანი ვაგონებისათვის თუ არასწორი მიმართულება მისცეს ჩვენს თერგივით დაუდეგარ სულისკვეთებას, მუდამ ქვეყნის სადარაჯოზე მდგარი ინგუშებისთვის ბატონობა ფეხმოუკიდებელი ზნე-ჩვეულებად იქცა. აქ ბატონობენ მთები. მთებში კი ვაჟკაცები გახლდნენ. ეს იყო, არის და იქნება ჩვენი ღირსება.!
„არ შეეპუეთო კლანჭებში მოქცევას, ვერ აუწყეთო ფეხი მონობას და იმიტომაც გადაგისროლეთ შუა აზიაშიო“, - ასე ბრძანეს მხედარმთავრებმა, ღამის სამ საათზე ყაჩაღებივით შემოგვივარდნენ სახლებში, ცხოვლებით გამოგვყარეს ქუჩაში, დაგვამცირეს. ხელი ჰკრეს ჩვენს წარმომავლობას, ტრადიციას, ღირსებას და სამშობლოს სიყვარულს.
რამდენჯერ ცრემლიანი თვალებით შევხედრივარ განთიადს, სამშობლოში დამაბრუნების იმედით. რამხელა მონატრება სცოდნია მშობლიურ კერას, თითქოს გული ამომგლიჯეს მკერდიდან, სუნთქვა ამიკრაძალეს. ახლა კი აქ ვარ! ჩემი თორმეტი წლის წინ დანატოვარ სახლში. უნიათოდ ვბედავ შიგნით ფეხის შედგმას, სადაც ცხოვრობს უკვე ბინადარი და ვერც კი ათვიცნობიერებს ჩემს წლობით დაგროვილ ტკივილს!
ჭიშკარზე ფრთხილად დააკაკუნა ჯეინახმა, სახელური მოსინჯა, დაკეტილი რომ დახვდა გამობრუნება გადაწყვიტა ზღურბლის იქით კი, სასიამოვნო ხმის ტემბრმა გადაუღობა წასასვლელი გზა.
შამოდი, რას დგახარ შორსა, შამოდი!
ეამა ქალის ხმა და უსიტყვოდ გაჰყვა მის გამოძახილს...
ჯეინახმა შესვლისთანავე იცნო ჯილდა, წლების წინ უსიტყვოდ დატოვებული ქალი, რომელიც დღენიადაგ ელოდა თავის გულის სწორს, კავკასიონის მთებში მომავალს... ჯილდა...
- რაისთვის მიყურებ მაგრე?
- როგორ?
- შაშინებული...
ოდნავ ღმილმა გადაურბინა სახეზე მამაკაცს...
- არა, უფრო მეტად შეყვარებული...
- გინდ შამარცხვინო ამ სიბერეში...
- რა დროს სიბერეა ჯილდა, წლებმა მეტი ეშხი შეგმატეს იმაზე მიმზდიველი ხარ, ვიდრე მახსოვდი...
- მამაშორდ! გაიგონე ნაუბარი და არ განმარისხო იცოდე...
- მოზიდე კარი და ჩამოჯექ ჯირკზე, კეთილი იყოს შენი დაბრუნება.
- ჯილდა შენ ხომ ბავშვს ელოდებოდი...
აქ საუბარი ონისემ შეაწყვეტინა..
- დედა მზადა ვარ, გავსწიოთ...
ონისემ ნაუცბადევად შეავლო თვალი სტუმარს, იმხელა ფიზიკური მსგავსება დაინახა, მასსა და მომხვდურს შორის, რომ გაკვირვებული დარჩა!
ჯეინახი ფეხზე წამოდგა, ფრთხილად მიუახლოვდა და ხელი გაუწოდა ჭაბუკს...
სანამ საკუთარ თავს გააცნობდა იქამდე ჩაერია ჯილდა..
- გაიცანი შვილო ეს მამაშენია...
- რა და როგორ თვითონ მაგვიყების... ახლა კი ...
ახლა კი! მკვირცხლად შეაწყვეტინა ჯეინახმა, დადეთ ეს თქვენი ბოხჩა და შევიდეთ სახლში, მე მეტი არაფერი მინდა. ნუ გამიმწარებთ სიბერეს, ნუ გამიღვივებთ ჭრილობას!
ჯილდამ და ონისემ სტუმარს ანთებული კერია დაახვედრეს, სწორედ ისეთი როგორც განშორების ჟამს.
გადასახლებიდან დაბრუნებული ინგუშები ქართველებმა დიდი სიყვარულით მიიღეს, დაუბრუნეს საკუთარი სახლ-კარი, დაუტოვეს მოშენებული პირუტყვი, ფრინველი, რათა ფეხზე წამოდგომაში დახმარებოდნენ!
Говорят, что грузины вели себя как кавказцы?
Грузины – наши братья, мы любим грузин!