თბილისის N28 საჯარო სკოლაში მშობელთა ჩართულობას სასწავლო პროცესში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
ახლახან, სკოლას მოსწავლის მშობლის - ქეით დეივისის ინიციატივით, აგრონომი და გარემოსდამცველი სანდრო გუჯაბიძე ესტუმრა.
მან მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის აქტუალურ თემებზე ისაუბრა.
სტუმრის ინტერაქციული პრეზენტაცია შეეხებოდა ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა სურსათის წარმოება ძველად და ჩვენს დროში, სოფლის მეურნეობის მომავალი, კლიმატის ცვლილება, ბიომრავალფეროვნების კლება და გარემოს დაბინძურება.
„პრეზენტაციისას წარდგენილმა ილუსტრაციებმა მოსწავლეებს ჩამოთვლილი საკითხების აღქმა მნიშვნელოვნად გაუმარტივა, ხოლო მომხსენებლის შემოთავაზებული ე.წ. ქვიზების საშუალებით მათ მიღებული ცოდნის შეფასება ინტერაქციულ რეჟიმში შეძლეს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
პრეზენტაციას მე-6, მე-7, მე-8 და მე-9 კლასების მოსწავლეები დაესწრნენ. მომავალში კი აღნიშნული პრეზენტაციის ჩატარება მომდევნო კლასების მოსწავლეთათვისაც იგეგმება.
სასკოლო საზოგადოება მშობელსა და მიწვეულ სტუმარს აღნიშნული დღისთვის მადლობას უხდის.
„დიდი მადლობა ბატონ სანდროსა და ქალბატონ ქეითს თანამედროვე მსოფლიოს მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლების შესაძლებლობისთვის“, - ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: