ტყიბულის N6 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს აძლევენ არა მხოლოდ ხარისხიან საგნობრივ განათლებას, არამედ მათი ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებაზე ზრუნავენ.
„ინტელექტი გარეგნობითა და სიმდიდრით არ იზომება, იგი დიდი შრომითა და ცოდნით მოიპოვება“,- აღნიშნავენ სკოლაში და ამ შემართებით მოსწავლეებს სწავლის მნიშვნელობის გააზრებაში ეხმარებიან. ცოდნის გასაზომად და წარმოსაჩენად კი მოსწავლეებს სხვადასხვა კონკურსში რთავენ.
ახლახან, ტყიბულის N6 საჯარო სკოლის VIIა კლასის მოსწავლეები - ლილე ჩაფიძე, ილია ქვათაძე, გიორგი ჩაფიძე, ანი მახვილაძე, გიორგი იმედაძე და ლიკა ვარდოსანიძე (დამრიგებელი - ლოლა ტოფაძე) ინტელექტუალურ თამაშს - „ინტელექტიადა“ შეუერთდნენ.
თამაში, იმერეთის მასშტაბით ნოემბერში ჩატარდა.
სკოლისთვის საამაყო და სასიხარულოა, რომ VIIა კლასის მოსწავლეებმა საუკეთესო თამაში აჩვენეს და I ადგილი მოიპოვეს. მათ ასახელეს სკოლა, პედაგოგები და მშობლები.
სკოლაში მოსწავლეებს გამარჯვებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„ვულოცავთ VIIა კლასს ამ გამარჯვებას, ვუსურვებთ მრავალ წარმატებას, ულევ სიხარულს! წინ გამარჯვებისკენ!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, „ნოვატორთა აუდიტორია“ უკვე მრავალი წელია ქვეყნის მასშტაბით ინტელექტუალურ თამაშებს აწყობს. იგი მოსწავლეთა ზოგად განათლებას ამოწმებს, მასში მონაწილეობენ ბავშვები სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით.
იხილეთ ფოტოები: