ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამიდან რიგი ნაწარმოებები ამოღებულია - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებიდან გახდა ცნობილი. 2025 წლის აბიტურიენტები აღარ ჩააბარებენ: ილია ჭავჭავაძის „ჩემო კალამოს“, ვაჟა-ფშაველას „ბახტრიონს“, ალექსანდრე ჭავჭავაძის „გოგჩას“, პოლიკარპე კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერს“...
ფაქტმა პედაგოგიურ წრეებში და საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია
- სოციალურ ქსელში არაერთმა პედაგოგმა დააფიქსირა საკუთარი პოზიცია და მოგვიანებით
განათლების სამინისტრომაც განმარტა, რომ აღნიშნული ლიტერატურული ნაწარმოებები
მხოლოდ საგამოცდო პროგრამიდანაა ამოღებული და არა ეროვნული სასწავლო გეგმიდან.
რა უდევს მიზნად და საფუძვლად აღნიშნულ გადაწყვეტილებას, ეს ცალკე საუბრის თემაა, მანამდე კი საინტერესოა, როგორ აფასებენ მშობლიური ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამის შემცირებას პროფესიონალები.
ფარის საჯარო სკოლის, ქართული ენისა და ლიტერატურის მენტორ-მასწავლებელი, ეკატერინე წულუკიძე etaloni.ge-სთან აღნიშნავს, რომ შიშობენ, სამომავლოდ, როდესაც მოხდება ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზია, სახელმძღვანელოებიდანაც არ გაქრეს აღნიშნული ნაწარმოებები:
„ჩვენი შეშფოთება გამომდინარეობს არსებული ვითარებიდან... წლების განმავლობაში დარგის, საგნობრივი ექსპერტები ითხოვდნენ პროგრამის გადახალისებას, მაგრამ არასოდეს მსგავსი რამ არ მომხდარა; და მოულოდნელად, ისეთი საკვანძო თემები ამოიღეს საგამოცდო პროგრამიდან, რომელიც ეხება რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლას, თავისუფალი პიროვნების, პატრიოტული სულისკვეთების ადამიანების ჩამოყალიბებას. ფაქტია, ამ ნაწარმოებებს კონტექსტის გარეშე ვერ ასწავლი - როგორ იბრძოდნენ ისინი, რა იდეოლოგიის მატარებელი იყო ილია, ვაჟა, პაოლო იაშვილი... ამან გამოიწვია ჩვენი აღშფოთება.
ყველაზე დიდი შიში რაც გვაქვს და რაზეც ხმამაღლა ვსაუბრობთ, არის ის, რომ აბიტურიენტები სწავლობენ საგამოცდო პროგრამას, ხოლო თუ არ იქნება საჭიროება, შესაძლოა საერთოდ არც ისწავლონ.
გვეშინია, ეს არ იყოს წინაპირობა - მომავალ წელს რევიზია რომ იგეგმება სახელმძღვანელოების, ხომ არ ვდგავართ იმის რისკის ქვეშ, სასწავლო გეგმიდან და სახელმძღვანელოებიდან გაქრეს ეს ნაწარმოებები“.
მთვარისა ახვლედიანმა, ბარდნალის საჯარო სკოლის ხელმძღვანელმა,
რომელიც 4 ათეული წელია ქართულს ასწავლის, etaloni.ge-სთან
განაცხადა, რომ არ მიესალმება ამ გადაწყვეტილებას:
„ბევრი ვნებათაღელვა მოჰყვა ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამიდან შერჩეული ლიტერატურული ტექსტების ამოღებას, მიუხედავად იმისა, რომ ისინი სასკოლო პროგრამაში რჩება არასავალდებულო ტექსტებად. მიუხედავად იმისა, ვფიქრობ, რომ მათი ჯეროვანი სწავლება დიდწილად მასწავლებელზეა დამოკიდებული, ამ მიდგომას მაინც ვერ გავამართლებ.
თავიდანვე უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ ლიტერატურას არამხოლოდ სასწავლო საგნის, მით უფრო გამოცდის ჩაბარების, არამედ სხვა, გაცილებით დიდი დანიშნულება აქვს. ის ხომ მოზარდს აზროვნებას უყალიბებს და ეროვნულ სულისკვეთებას უღვივებს. ვფიქრობ, დამეთანხმებით, რომ განათლების ხარისხის ამაღლება და წიგნიერი თაობა თუ გვინდა, საგამოცდო პროგრამებიც უნდა დაიხვეწოს და მშობლიურ ენასა და ლიტერატურაში ბარიერიც უნდა აიწიოს. ამ თვალსაზრისით ჩემთვის ილიას „ჩემო კალამო“, „ბედნიერი ერი“, გურამიშვილის „სწავლა მოსწავლეთა“, ვაჟას „რამ შემქმნა ადამიანად“, „ბახტრიონი“, „კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი“, ყაზბეგის „ხევისბერი გოჩა“ თუ გალაკტიონის „მშობლიური ეფემერა“ უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებებია, რომლებიც მოზარდებისათვის სულიერი საზრდოს მიმცემი და ეროვნული თვითშეგნების გაღვივების საუკეთესო საშუალებაა.
აქვე არც იმ რეალობას უნდა ავარიდოთ თვალი, რომელიც მაღალმთიან და მცირეკონტინგენტიანებზე მეტად, ქალაქების სკოლებს ეხება; ყველამ ვიცით, რომ მე-11 --მე-12 კლასების მოსწავლეები ძირითადად ეროვნული გამოცდებისათვის რეპეტიტორებთან ემზადებიან და სკოლაში იშვიათად დადიან, ამ ტექსტებს კი როდის ან როგორღა ისწავლიან?! ჩვენ ხომ იმის მწარე გამოცდილებაც გვაქვს, რა შედეგები მოჰყვა საატესტატო გამოცდების გაუქმებას; არც ერთ, ეროვნულებისათვის არასაჭირო საგანს თითქმის აღარ სწავლობდნენ და ახლაც შემიძლია განვაცხადო, რომ, რაც ეროვნული გამოცდებისათვის არ დასჭირდებათ, ვერაფრის სწავლას მათ ვერ აიძულებ.
განათლების სამინისტრო აცხადებს, რომ ამაზე ექსპერტთა ჯგუფმა იმუშავა, თუმცა, როგორც ჩანს - არასაკმარისად. მიმაჩნია, რომ ამ საკითხების ფართო განხილვა - დისკუსია უნდა მოხდეს, რაშიც გამოცდილი კვალიფიციური კადრები მეტად უნდა იყვნენ ჩართულნი.
და ბოლოს მე ისევ ისე ვასწავლი, როგორც აქამდე მისწავლებია და ჩემს კოლეგებსაც მივმართავ: იმ „ძვირფასი ლანდების“ წინაშე პირნათელი რომ ვიყოთ და ჩვენმა მომავალმა თაობებმაც „ჩუეულებისამებრ მამულისა სლვაი“ შეძლონ, ამისათვის დიდი ილიას შეგონებისამებრ „რასაც ვმსახურებთ, მას ერთგულად კვლავ ვემსახუროთ!“
ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, ნინო ქადაგიძე უფრო
სიღრმისეულ პრობლემებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ განგაშის ზარს იმაზეც უნდა
შემოვკრათ, ინგლისურს უკეთ რომ ფლობენ მოსწავლეები:
„დიდი მითქმა- მოთქმა გამოიწვია 2025 წლის ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამიდან ზოგიერთი მწერლის ნაწარმოების ამოღებამ. ვიღაც ამართლებდა და „გამპრავებლებს“ უწოდებდნენ, ვიღაც უარყოფდა და „პროვოკატორს“. ყოველთვის ორი უკიდურესობა გვჭირს ხოლმე. ლანძღვის, დაჩაგვრისა და დაცინვის ენა რომ ჩვეულებად გვექცა, ამაზე რატომღაც არ ვშფოთავთ.
ყოველთვის ორადაა გაყოფილი და გახლეჩილი საზოგადოება. პრობლემა რომ ნამდვილად არის ქართული ენის სწავლებაში, ეს ცხადია. არც მხოლოდ გამოცდებისთვის უნდა სწავლობდნენ და „ასხამდნენ ტვინს“ ბავშვები ჩვენი კლასიკოსი მწერლების შემოქმედებას, ესეც უდავოა. მაგრამ რაც შემინიშნავს, სამწუხაროდ, ინგლისურ ენაზე უკეთ გამოსდით წერითი თუ ზეპირი მეტყველება ბავშვებს, ვიდრე ქართულად. „აი, ქართული მიმახრჩობინა და დანარჩენის არ მეშინია“... „აი, ისტორია და ქართული ჩამაბარებინა და სხვა ადვილია“... ესეც ხშირად მსმენია ბავშვებისგან.
მე მიმაჩნია, ამაზე უნდა ჩამოვკრათ განგაშის ზარებს, ვიდრე იმაზე, რამდენიმე მწერლის ნაწარმოები ამოიღეს თუ დაამატეს. ეს ჩემი სუბიექტური აზრია. შეიძლება ვცდები კიდეც, მაგრამ თორმეტი წლის განმავლობაში თუ ისეთი მაღალი დონით შევასწავლით მოსწავლეებს ქართულ ენასა და ლიტერატურას, როგორც ამ საგნის სწავლებას ეკადრება და არა მხოლოდ გამოცდისთვის, გამოცდაზე რა მასალა იქნება ჩასაბარებელი, არსებითი მნიშვნელობა აღარ მიენიჭება. მთავარია, სასწავლო პროგრამიდან არ ამოიღონ და კეთილსინდისიერმა პედაგოგებმა არა მხოლოდ გამოცდისთვის ასწავლონ, არამედ ცხოვრებაში გამოსაყენებლად“.