განათლების სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი უწყების თანამშრომლები მიიჩნევენ, რომ პრემიერ-მინისტრის განცხადება, 2028 წლამდე საქართველოს მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ, არ შეესაბამება ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს. დოკუმენტს ამ დროის მონაცემებით [ 18:00 სთ] უწყების 150-ზე მეტი თანამშრომელი აწერს ხელს.
„სისტემის თანამშრომლები, საჯარო მოსამსახურეები წლების მანძილზე ვემსახურებით დამოუკიდებელი საქართველოს ეროვნულ ინტერესს. ჩვენთვის ეს გულისხმობს ევროპული განათლების სისტემის შენებას, რომელიც შექმნის თანაბარ შესაძლებლობებს თითოეული ადამიანისათვის, კონკურენტუნარიანს გახდის ქართველ ახალგაზრდასა და მეცნიერს, მისცემს შესაძლებლობას შეუერთდეს მაღალი სტანდარტების სამეცნიერო-საგანმანათლებლო სივრცეს და უზრუნველყოს საქართველოს დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს შენება-გაძლიერება...
საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, ვაცხადებთ, რომ ერთგულნი ვრჩებით საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსისადმი“, - წერია განცხადებაში.