საქართველოს მოსწავლეთა შედეგები TIMSS-ის კვლევაში საშუალოზე დაბალია
04-12-2024

საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევის - TIMSS (Trends in International Mathematics and Science Study) შედეგების მიხედვით ქართველმა მოსწავლეებმა გააუმჯობესეს შედეგები. 2023 წელს საქართველოს სკოლების მეოთხეკლასელებმა, კვლევის წინა ციკლთან შედარებით 16 ქულით გააუმჯობესეს საშუალო მაჩვენებელი მათემატიკაში. ხოლო მერვეკლასელების შედეგები 8%-ით გაუმჯობესდა - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. 

„საქართველოს მე-4 კლასელების საშუალო მაჩვენებელი მათემატიკაში 498-ია, რაც, სტატისტიკური ცდომილების გათვალისწინებით, უტოლდება TIMSS-ის საერთაშორისო სკალის საშუალო მაჩვენებელს (500).

აღნიშნული მონაცემის მიხედვით, 58 ქვეყანას შორის, საქართველო 37-ე ადგილზეა. პრაქტიკულად ანალოგიური მაჩვენებელი აქვთ: ესპანეთს და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს. საშუალო მაჩვენებელი კი აღემატება ბელგიის, საფრანგეთის, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიის და სხვათა მაჩვენებლებს.

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთისგან, ესპანეთისა და ახალი ზელანდიისგან განსხვავებით, რომელთაც 2023 წლის ციკლში საქართველოს მსგავსი შედეგები დააფიქსირეს, ჩვენი მოსწავლეების შედეგები გამოირჩევა მუდმივი ზრდის ტენდენციით. საერთო ჯამში, საქართველოში TIMSS-ის მეორე ციკლის ჩატარებიდან (2011) 2023 წლამდე შედეგების 48-ქულიანი გაუმჯობესება გვაქვს, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს წარმომადგენელი მეოთხეკლასელების შედეგები მათემატიკაში 11%-ით გაუმჯობესდა, მინიმალური კომპეტენცია კი 16%-ით მეტმა მოსწავლემ დაადასტურა.

ყოველი მომდევნო ციკლის ფარგლებში მზარდი მაჩვენებელი ფიქსირდება მერვეკლასელებს შორისაც. 2023 წელს საქართველოს წარმომადგენელმა მერვეკლასელებმა კვლევის წინა ციკლთან შედარებით 6 ქულით გააუმჯობესეს საშუალო მაჩვენებელი მათემატიკაში და ამით, 44 ქვეყანას შორის, საქართველო 28-ე ადგილს იკავებს. ამასთან, ჩვენი საშუალო მაჩვენებელი საერთაშორისო საშუალო მაჩვენებელს მხოლოდ 7 ქულით ჩამორჩება – საქართველო წინ უსწრებს ყაზახეთს, საუდის არაბეთს, სამხრეთ აფრიკას, ბრაზილიას და სხვა ქვეყნებს.

კვლევის პირველი ციკლიდან მოყოლებული, შედეგების გაუმჯობესების პოზიტიური დინამიკა იკვეთება მე-8 კლასშიც. ყოველ მომდევნო ციკლში, საშუალოდ, ჩვენი მოსწავლეები წინა ციკლის შედეგზე უკეთეს შედეგს აჩვენებენ. 2011-დან 2023 წლამდე იკვეთება 36-ქულიანი გაუმჯობესება, რაც გულისხმობს, რომ მერვეკლასელების შედეგები 8%-ით გაუმჯობესდა, ხოლო მინიმალური კომპეტენცია დაადასტურა 13%-ით მეტმა მოსწავლემ.

რაც შეეხება საბუნებისმეტყველო საგნებს:

• მეოთხეკლასელების საშუალო შედეგები, წინა ციკლთან შედარებით, 11 ქულით გაუმჯობესდა. მიღწეული შედეგით საქართველო 58 ქვეყანას შორის 43-ე ადგილს იკავებს და წინ უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა მონტენეგრო, სომხეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ჩრდილოეთ მაკედონია. აღსანიშნავია, რომ 2011 წელთან შედარებით, მინიმალური კომპეტენცია 7%-ით მეტმა მოსწავლემ დაადასტურა.

• მერვეკლასელების შედეგებით კი საქართველო 44 ქვეყნიდან 31-ე ადგილს იკავებს და წინ უსწრებს ყაზახეთს, ბრაზილიას, საუდის არაბეთსა და სხვ. 2011 წელთან შედარებით, მინიმალური კომპეტენცია დაადასტურა 10%-ით მეტმა მოსწავლემ.

TIMSS კვლევა შეისწავლის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მე-4 და მე-8 კლასის მოსწავლეების მიღწევებს მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში; მას საგანმანათლებლო მიღწევების შეფასების საერთაშორისო ასოციაცია (IEA) 4-წლიანი ინტერვალით ატარებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203