თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. სკოლის პედაგოგები, დირექტორის თინათინ ბიჭოლაშვილის ხელმძღვანელობით, მოსწავლეებს მათ ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებულ სასწავლო გარემოს სთავაზობენ. ამას ადასტურებს ის აქტივობები და ღონისძიებები, რომლებიც სკოლაში იმართება.
აღსანიშნავია, რომ ასეთი შთამბეჭდავი და დადებითი ემოციებით დატვირთული იყო 2024-2025 სასწავლო წლის დასაწყისიც სკოლაში.
„შემოდგომის ზღაპრული ფერებითა და საზეიმოდ მორთულ ეზოში ზარი დაირეკა და ახალი სასწავლო პროცესიც განახლდა, ცოდნის ციხესიმაგრე კვლავ აჟრიამულდა. არდადეგებიდან დაბრუნებულს ახალი თავგადასვლები, სიახლეები, უამრავი მოულოდნელობა და სიხარული ელოდათ. სკოლის დირექცია, პედაგოგები, მოსწავლეები, მათი მშობლები ასევე კურსდამთავრებულები, რომლებიც ყოველ წელს სიხარულით მოდიან მონატრებულ სკოლაში დიდი სიყვარულით შეხვდნენ ერთმანეთს და ეს იყო ბედნიერი ადამიანების შეხვდრის დღე, ნამდვილი დღესასწაული“, - ასე შეფასეს ეს დღე სკოლაში.
სადღესასწაულო განწყობას, როგორც სკოლაში გვიყვებიან, უფრო ამაღლებულს ხდიდნენ პირველკლასელები.
„ყვავილებით ხელდამშვენებულებს უფროსები მოაცილებდნენ სკოლის ეზოში. სკოლის კარებთან მარინე მასწავლებელი ელოდათ. დედის კალთას ჩაბღუჯულებმა ახალ მასწავლებელს ჩასჭიდეს ხელი და ამაყად შემოაბიჯეს ცოდნის ტაძარში“, - აღნიშნეს სკოლაში.
სკოლის ხელმძღვანელმა - თინათინ ბიჭოლაშვილმა მოსწავლეებს, მათ მშობლებს და პედაგოგებს სწავლის დაწყება მიულოცა, წარმატებული სასწავლო წელი უსურვა და მიმართა, რომ ეს დღე მათთვის ახალი ეტაპის დასაწყისია.
„შრომა და მოთმინება აუცილებელი ინსტრუმენტია ცოდნის სამეფოში სამოგზაუროდ. მათ მეგზურად პედაგოგები გაჰყვებიან და თავდაუზოგავად აზიარებენ სრულფასოვან განათლებას“, - თქვა დირექტორმა.
მან ასევე, ისაუბრა განვლილი პერიოდის მიღწევებზე, სკოლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე, საინტერესო პროექტებზე, რომლებშიც აქტიურად იყო ჩართული სასკოლო საზოგადოება.
ხელმძღვანელმა წარჩინების სიგელები გადასცა სწავლაში წარმატებულ და პროექტებში გამარჯვებულ მოსწავლეებს. პირველკლასელებს საჩუქრად გადაეცათ კომპიუტერები.
„ქალბატონმა თინათინმა აღნიშნა, რომ ჩვენის სკოლის მოსწავლეებს უნდა ჰქონდეთ იმედი მხარდაჭერისა, რომელზეც ზრუნავენ სკოლის დირექცია, პედაგოგები და ის გულისხმიერი ადამიანები, რომელებსაც მომავალი თაობების აღზრდა- განათლება, ძლიერი და განვითარებული ქვეყნის საფუძვლად მიაჩნიათ.
მან მადლობა გადაუხადა ქალბატონ ნინო შეშელიძეს, რომელმაც I-VI კლასის მოსწავლეებს სასკოლო ჩანთები საჩუქრებად გადასცა, ამან მოსწავლეებში უდიდესი სიხარული გამოიწვია, მათ უფრო მეტად აუმაღლდათ მოტივაცია.
ქალბატონ ნინოსთვის ცხოვრების წესია, გასულ წელსაც დაურიგდა მოსწავლეებს ჩანთები და სასკოლო ნივთები. სკოლის დირექცია სასკოლო საზოგადოება , მოსწავლეები და მათი მშობლები გამოვხატავათ უდიდეს მადლიერებას, ღმერთმა გვიმრავლოს ასეთი კეთილშობილი ადამიანები. დაე, ჩვენს სკოლაში ყოველთვის მხიარულად წკრიალებდეს ცოდნის ზარი!“, - აღნიშნეს სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: