KIU-ს საბავშვო უნივერსიტეტის ფარგლებში მორიგი საჯარო ლექცია გაიმართა
09-12-2024

KIU-ს საბავშვო უნივერსიტეტის ფარგლებში მორიგი საჯარო ლექცია გაიმართა, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) რექტორმა, პროფესორმა გიორგი ხუბუამ გახსნა.

ლექცია თემაზე - „რამდენია ბევრი?‘‘ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების სკოლების ასისტენტ-პროფესორმა, გიორგი ნადარეიშვილმა წაიკითხა. 

ლექციის განმავლობაში გიორგი ნადარეიშვილი, მოსწავლეებთან ერთად, შეეცადა რაოდენობის უმარტივესი ინტუიციური ცნება უსასრულობაზე განეზოგადებინა და გაეცა პასუხი კითხვაზე - არსებობს თუ არა უფრო დიდი და პატარა უსასრულობები.

შემეცნებით საჯარო ლექციას ახალგაზრდების მხრიდან დიდი ინტერესი მოჰყვა. შეხვედრას იმერეთის რეგიონის სკოლების მე-9 - მე-12 კლასების 500-მდე მოსწავლე დაესწრო. მონაწილეებს მათთვის საინტერესო საკითხებზე ინფორმაციის მიღებისა და თავიანთი მოსაზრებების გაზიარების შესაძლებლობა ჰქონდათ.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) ახალი პროექტი - „KIU-ს საბავშვო უნივერსიტეტი‘‘ ხელს უწყობს ახალგაზრდების არაფორმალურ განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას, მოსწავლეებში ცნობისმოყვარეობისა და სწავლის სიყვარულის გაღვივებასა და საუნივერსიტეტო ცხოვრების ადრეული ასაკიდან გაცნობას. ამასთანავე, ეხმარება კრიტიკული აზროვნების, კრეატიულობისა და სოციალური უნარების განვითარებაში და კარიერული ჰორიზონტის გაფართოებასა და მომავალი პროფესიის არჩევაში.      

KIU-ს საბავშვო უნივერსიტეტი იმერეთის რეგიონის სკოლების მე-9 - მე-12 კლასების მოსწავლეებისთვის არის განკუთვნილი და სხვადასხვა შემეცნებით თემაზე საჯარო ლექციების ჩატარებას ისახავს მიზნად. სალექციო კურსებს კითხულობენ როგორც KIU-ს პროფესორ-მასწავლებლები, ისე მოწვეული ლექტორები.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203