„ჩემი ენერგოეფექტური სკოლა“-პოსტერების კონკურსში ახალციხის №5 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა
18-06-2018
ახალციხის №5 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდმა თემით „ჩემი ენერგოეფექტური სკოლა“ პოსტერების გამოფენა-კონკურსში მონაწილეობა მიიღო.
გუნდის შემადგენლობა შემდეგი იყო: ქეთევან კაჭკაჭაშვილი, ელენე ჩქვანავა, ლია ნათენაძე, თამუნა გიგოლაშვილი და თამთა პლაჭიაშვილი.
ხელმძღვანელი ფიზიკის მასწავლებლი მაია თათეშვილი გახლდათ.
კონკურსი კავშირ „ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო“-სა და ავსტრიულ კომპანია „ალლპლანის“ პროექტ „ენერგოაუდიტორების ტრეინინგი და სერტიფიცირება, შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია“-ს ფარგლებში ჩატარდა.
კონკურსის მიზანი იყო ენერგოეფექტური ღონისძიებებისა და ენერგიის დაზოგვის უნარჩვევების დანერგვის პოპულარიზაცია.
2018 წლის 8 ივნისს, ევროპული მდგრადი ენერგეტიკის დღეს, ახალციხის ციხეზე საზოგადოებრივ შენობებში ენერგოეფექტურობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაზე კონკურსში მონაწილე სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებმა პოსტერები წარმოადგინეს, რომელშიც სკოლის მოსწავლეთა ხედვა იყო ასახული, თუ რამდენად დაცულია მათ შენობებში ენერგოეფექტურობის პრინციპები; რა ღონისძიებებს გაატარებენ აღნიშნული პრინციპების არ არსებობის შემთხვევაში (როგორც პრაქტიკული ღონისძიებების, ასევე უნარ-ჩვევების შეცვლის თვალსაზირისით); რა რჩევებს მისცემენ თანატოლებს მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და სხვ.
კონკურსზე წარდგენილი პოსტერები სპეციალურმა ჟიურიმ შეაფასა და გამარჯვება კონკურსში - „ჩემი ენერგოეფექტური სკოლა“, ახალციხის №5 საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა.
მოსწავლეებს, ხელმძღვანელ მასწავლებელსა და სკოლის დირექტორს, ინგა ვარდიძეს სერტიფიკატები და მაისურები გადაეცათ. სკოლამ კი, როგორც გამარჯვებულმა, ენერგოეფექტური ელექტრომოწყობილობების შესაძენად საჩუქრად 500 ლარიანი ვაუჩერი მიიღო.