რა მოხდება, თუ საახალწლოდ ნაძვის ხეს არ მორთავთ?
18-12-2024

ახალი წელი ნაძვის ხის გარეშე წარმოგიდგენიათ? - ამ კითხვაზე ადამიანების დიდი ნაწილის პასუხი, ალბათ, უარყოფითი იქნებოდა. მართლაც, ზამთრის ცივ დღეებს სადღესასწაულო მორთულობასა და ნაძვის ხეზე მეტად, ალბათ, არაფერი ალამაზებს. 

დეკემბერსა და იანვარში ჩვენს სახლებს ბუნებრივი, ხელოვნური, ქოთნის ან ძალიან პატარა დეკორატიული ნაძვის ხეები ამრავალფეროვნებს. ისინი შეიძლება იყოს მთლიანად თეთრი, მწვანე, დათოვლილი ან სულაც ვარდისფერი. ეს უკანასკნელი ბოლო წლებში კიდევ უფრო პოპულარული გახდა. 

მიუხედავად იმისა, რომ ნაძვის ხეს სადღესასწაულო დატვირთვა აქვს, ადამიანების ნაწილს, მისი მორთვა ან ძალიან ეზარება ან უსარგებლო დეკორაციად მიაჩნია. მათთვის სახლში ნაძვის ხის დადგმა, შეიძლება ითქვას, რომ სატანჯველია. საქმე უფრო მარტივად შეიძლება იყოს იმ ადამიანებთან, რომლებიც მარტო ცხოვრობენ, რადგან მთლიანად მათ სურვილზეა დამოკიდებული ნაძვის ხის ქონა-არქონის საკითხი. თუ ოჯახთან ერთად ცხოვრობთ და თან ბავშვები ან ისეთი ადამიანი, ვისაც ნაძვის ხე უყვარს, მაშინ სახლის საახალწლოდ მორთვას ვერ „გადაურჩებით“. 

თანაც, თითქოს, რაღაც ცრურწმენაც არსებობს, რომლის მიხედვითაც საახალწლოდ თუ ნაძვის ხე არ გექნებათ, შესაძლოა, მომდევნო წლის განმავლობაში, უსიამოვნებებს ელოდეთ. ამიტომაც, იშვიათი გამონაკლისების გარდა, ყველა ერიდება, რომ ახალ წელს ნაძვის გარეშე შეხვდეს. ბუნებრივია, რომ საინტერესოა, რა მოხდება, თუ საახალწლოდ ნაძვის ხე არ გვექნება. ამ საკითხზე ჩვენ ინფორმაცია მოვიძიეთ, პასუხი კი, ძალიან მარტივი აღმოჩნდა - არც არაფერი მოხდება. მთლიანად თქვენს განწყობასა და სურვილზეა დამოკიდებული როგორ მორთავთ ან მორთავთ თუ არა საახალწლოდ სახლს. 

და მაინც, თუ ნაძვის ხე არ გიყვართ, სხვადასხვა გზა არსებობს იმისთვის, რომ სახლში საახალწლო განწყობა შექმნათ. მაგალითად, ნათურებით მორთეთ ფანჯრები, კარზე გირლანდა განათავსეთ, შეგიძლიათ პატარა ვარსკვლავები, გულები ან რამე სხვა ფორმის საკიდები ჭერიდანაც დაუშვათ. ასევე, ძალიან ლამაზი და პოპულარულია აივნის ნათურებით მორთვა.

გარდა ამისა, ძალიან ლამაზია, კედელზე ნათურების დახმარებით შექმნილი ნაძვის ხის ფორმის სანათი. შეგიძლიათ, რომ სათამაშოები და შესაბამისი დეკორაცია ყოველი ოთახის კარზეც განათავსოთ და ინტერიერში სადღესასწაულო ელემენტები ამ გზითშეიტანოთ. ასევე, ადამიანების ნაწილი მაგიდებზე საახალწლო სანთლებსაც ათავსებს. მათ, ძირითადად, ნაძვის ხის, თოვლის ბაბუის, ელფების, ირმებისა და სხვა თემატური არსებების ფორმები აქვთ. 

რაც მთავარია, თუ ნაძვის ხის დადგმა არ გსურთ, არ უნდა შეგეშინდეთ, რომ ეს რაიმე ცუდს მოასწავებს. მსგავსი რამ მხოლოდ მითი და ცრურწმენაა. 

ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ!

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203