განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა, რომელიც პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებლებს მისცემს შესაძლებლობას 2026 წლის 1-ელ იანვრამდე ჩააბარონ გამოცდა.
აღსანიშნავია, რომ მათთვის ამ დრომდე ვადა 2025 წლის 1-ელ იანვრამდე იყო განსაზღვრული, თუმცა როგორც განათლების მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა აღნიშნა, საკადრო დეფიციტის საშიშროების წინაშე რომ არ დამდგარიყო სკოლები, ამიტომ გახდა საჭირო ვადების კიდევ ერთი წლით გახანგრძლივება.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, დღევანდელი მდგომარეობით, განათლების სისტემაში დასაქმებულია 530-მდე პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებელი, რომელთაც არ აქვთ ჩაბარებული კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდა, მისი ჩაბარების ვადის 1 წლით გადავადება კი მნიშვნელოვანია, რათა არ წარმოიშვას კადრების დეფიციტი, განსაკუთრებით მაღალმთიან და შორეული სოფლების საჯარო სკოლებში.