ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხის საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. იმართება არაერთი საგანმანათლებლო ღონისძიება, რაც როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის, ისე სხვადასხვა საკითხზე მათი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.
ახლახან, კაცხის საჯარო სკოლის საბუნებისმეტყველო კათედრამ, მოსწავლეებთან ერთად, ჩაატარა შეხვედრა თემაზე - „წყალი ყველაზე მთავარი ნივთიერება“. ამ შეკრებას ჰქონდა საინფორმაციო, შემეცნებითი კონფერენციის სახე. აქ მოსწავლეები საუბრობდნენ წყლის თვისებებზე ფიზიკის, ქიმიის და ბიოლოგიის კუთხით.
აღნიშნეს, რომ წყალი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებაა, ის საუკეთესო გამხსნელია. ბავშვებმა წუხილი გამოთქვეს, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ნივთიერება უმოწყალოდ ბინძურდება. წყლის მნიშვნელოვან როლზე ისიც მეტყველებს, რომ გაეროს წევრმა ქვეყნებმა მდგრადი განვითარების 17 მიზნის ჩამოყალიბებისას ადგილი დაუთმეს მას.
კონფერენციის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ თუ გვინდა ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე, ბუნებაზე, კლიმატზე უნდა ვიმოქმედოთ ლოკალურად და ვიაზროვნოთ გლობალურად.
იხილეთ ფოტოები: