„ბევრი ბავშვი წევს იაშვილში ფილტვების ანთებით“ - ჩხაიძის განმარტებით გრიპის შემთხვევები გაორმაგდა
19-12-2024

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა, რომ დღეს საქართველოში, დადასტურებული გრიპის შემთხვევების რაოდენობა 25%-ს შეადგენს.

„44-ე კვირიდან ფიქსირდება საქართველოში გრიპის შემთხვევები, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბოლო 3 კვირის განმავლობაში ეს მონაცემები აღმავალ მრუდზეა. მოლოდინი გვაქვს, რომ ეს მატება შემდეგ კვირებშიც გაგრძელდება. ასევე, გვაქვს მოლოდინი, რომ იანვარი იქნება გამორჩეული, პიკის მოლოდინი დეკემბერ-იანვრის პერიოდში გვაქვს. ეს სტატისტიკა ექვემდებარება ანალიზს.

ბოლო 2 კვირაში, 49-ე კვირას, გრიპის დადასტურებული შემთხვევების მაჩვენებელი 12% იყო, 50-ე კვირას, დეკემბერში 2-ჯერ მეტი გვაქვს. დღეს საქართველოში, გრიპის შემთხვევების რაოდენობა 25% არის. დომინანტურია ახლა ქვეყანაში გრიპი.

თუ წინა კვირებში ძირითადად „ა“ ტიპის ვირუსი გვქონდა, ახლა გამოჩნდა „ბე“ ტიპის ვირუსი. 25%-დან 2% არის „ბე“ ტიპის. ყველაზე მეტი მაინც არის H1N1, კარგად ცნობილი „ღორის გრიპი“. ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება H1N1 ვირუსიდან გამომდინარე. ბოლო 2 კვირაში გრიპის მაჩვენებლები გაორმაგდა, ალბათ გარკვეულ როლს ამინდის ცვლილებაც თამაშობს. გვაქვს მოლოდინი, რომ 51-ე კვირა უფრო აქტიური იქნება.

ჩვენს კლინიკაში, ახლა ყველაზე ბევრი პაციენტი წევს რესპირაციული ვირუსით. მათი აბსოლუტური უმრავლესობა გრიპის ვირუსია. შემთხვევათა 30-40%-ში ვითარდება ფილტვების ანთება. ძალიან ბევრი ბავშვი წევს იაშვილის კლინიკაში ფილტვების ანთებით, ბევრ ბავშვთან დაგვჭირდა ანტივირუსული პრეპარატის გამოყენება. ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც გაზრდილია გრიპის შემთხვევების მატების ხარჯზე“,- განმარტა ჩხაიძემ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203