საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში ამაღლებული საახალწლო განწყობაა.
20 დეკემბერს, გიმნაზიის ეზოში საახალწლო კარნავალი გაიმართა და ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. აღსანიშნავია, რომ 6-მეტრიანი ნაძვის ხის რკინის კონსტრუქციებისა და განათების მონტაჟი ერთი კვირა მიმდინარეობდა.
სამი დღით ადრე, გამოცხადდა, რომ ჩატარდებოდა საახალწლო კარნავალი და ნაძვის ხე საზეიმოდ აინთებოდა. ამას წინ უძღოდა კლასებში, მაღალ მხატვრულ დონეზე მომზადებული საახალწლო ღონისძიებები, რაც სასკოლო საზოგადოებას იმის იმედს აძლევდა, რომ რეპერტუარის შედგენა არ გაუჭირდებოდათ. ამ ყველაფერს კი, ხელოვნების სკოლა-პანსიონის სახელოვნებო კლასების რეპერტუარიც ემატებოდა.
საღამოს 17:00 საათისათვის სცენაც და გახმოვანების აპარატურაც მზად იყო, საზეიმო სანახაობის დასაწყებად. ამ დროისათვის უამრავმა ხალხმა მოიყარა თავი გიმნაზიის ეზოში, იქ იყვნენ გიმნაზიისა და ხელოვნების სკოლა-პანსიონის მოსწავლეები, მოსწავლეთა მშობლები, პედაგოგები, თანამშრომლები, ტბელ აბუსერისძის ტაძრის მრევლი, მეზობელი საგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეები და სტუდენტები, ლოტკინის უბნის მოსახლეობა.
წამყვანებმა მისალმებისათვის, სიტყვა გიმნაზიის რექტორს - დეკანოზ მირიან სამხარაძეს მისცეს, რომელმაც დალოცა და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა კარნავალის მონაწილეებსა და მიბრძანებულ სტუმრებს.
საახალწლო კარნავალში გიმნაზიის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები, ხელოვნების სკოლის საესტრადო ვოკალური კლასის მოსწავლეები და ინდივიდუალური შემსრულებლები (ხელმძღვანელი ეკა ამაშუკელი) მონაწილეობდნენ.
შებინდებისას, საზეიმოდ, ოვაციების ფონზე აინთო გიმნაზიის მთავარი ნაძვის ხე. ზეიმი გვიანობამდე გაგრძელდა და ყველამ დიდი შთაბეჭდილებებით სატვირთულმა დატოვა გიმნაზიის ტერიტორია.
„ლამაზი და განათებული ნაძვის ხე აღმართული იქნება 2025 წლის 20 იანვრამდე და მსურველებს - სკოლებს, საბავშვო ბაღებს, კოლეჯებს, უნივერსიტეტებს, საჯარო და კერძო კომპანიებს, დირექციათან შეთანხმებით, შესაძლებლობა ექნებათ გამოიყენონ საკონცერტო სივრცე და გამართონ ღონისძიებები და გადაიღონ სამახსოვრო ფოტოები.
ამ საახალწლო სანახაობით, კიდევ ერთი ზეიმი დამკვიდრდა გიმნაზიაში, რომელიც უფრო მრავალფეროვნად და დახვეწილი ფორმით ჩატარდება ყოველწლიურად“,- ამბობენ სკოლა-გიმნაზიაში.
იხილეთ ფოტოები: