ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის ბარდნალის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ბრწყინვალე გამარჯვებას აღნიშნავენ.
სკოლის მოსწავლეთა გუნდი „გამბედავები“ გუნდური ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლის“ ჩემპიონი და სუპერფინალის გამარჯვებულია საქართველოს მასშტაბით.
23 დეკემბერს, ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლის“ სუპერფინალი გაიმართა, სადაც „გამბედავებმა“ სკოლა ასახელეს.
„ჩვენი სკოლის ყველაზე დიდი მიღწევა 2024 წელს“, - ასე აფასებს ბარდნალის საჯარო სკოლის დირექტორი მთვარისა ახვლედიანი გამარჯვებას და დასძენს, რომ შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
„ჩვენი მცირეკონტიგენტიანი სკოლის მეხუთეკლასელთა საუკეთესო ხუთეულისაგან დაკომპლექტებულმა გუნდმა - „გამბედავებმა“ გამარჯვება მოიპოვა თბილისის თავისუფალი სკოლის საუკეთესო გუნდთან.
ორივე გუნდს ფინალში თანაბარი ქულა ჰქონდა, რის გამოც საჭირო გახდა სუპერფინალის გამართვა.
ჩვენმა „გამბედავებმა“ და ჭკვიანებმა (ახლა ეს ეპითეტი ნამდვილად უნდა გამოვიყენო) 5 შეკითხვიდან ხუთივეს სწორად გასცეს (4 -ს -- ვადამდელი) პასუხი და გაიმარჯვეს ანგარიშით 5/3.
გამარჯვებულ გუნდს 10 თებერვალს გადმოეცემა მეტად საჭირო თანამედროვე ტექნიკა.
ძალიან ამაღელვებელი იყო თამაშის დამთავრებისთანავე კონკურენტი სკოლის დირექტორის სატელეფონო ზარი, გულწრფელი მოლოცვა და საჩუქრად ტექნიკის გადმოცემის შეპირება.
უღრმესი მადლობა ბატონ ამირანსა და მის სკოლას ასეთი მეგობრული ჟესტისთვის!
წარმატებებს ვუსურვებთ მუდამ!“,- აღნიშნავს სკოლის დირექტორი, ამაყობს მოსწავლეთა წარმატებით და მათ გამარჯვებას კიდევ ერთხელ დიდი სიყვარულით ულოცავს.
„გილოცავთ, ჩვენო ჭკვიანებო, გამბედავებო და შეუპოვრებო ამ გამარჯვებას, ვულოცავ თქვენს მშობლებს, მასწავლებლებს, მთელ სკოლას და ახალ-ახალ წარმატებებს გისურვებთ ახალ 2025 წელსა და შემდგომ ცხოვრებაში!
მინდა, როგორც თქვენი ქართულის მასწავლებელმა და სკოლის დირექტორმა, მადლიერება გამოგიხატოთ, რომ ასეთი სიხარული განგვაცდევინეთ მთელ სკოლას! ძალიან მიყვარხართ და ყოველთვის მეიმედებით!“,- აღნიშნავს მთვარისა ახვლედიანი.
იხილეთ ფოტოები: